ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა, მის მიღებას ვერ ვიკადრებდით - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ რუსული კანონი ამერიკული კანონის ანალოგია და ორივე  არის „სრული კატასტროფა“. მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის ქართული და ადამიანის უფლებების პრინციპებთან შესაბამისობაში.

„გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა, კიდევ ერთხელ, ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, შემიძლია გითხრათ როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რუსული კანონი ამერიკულის ანალოგია.

რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, ის არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით რუსული და ამერიკული კანონებისგან და ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი, ლაკონიური კანონი…

არის კატასტროფული კანონები პირდაპირ შემიძლია გითხრათ ერთიც და მეორეც. შესაბამისად, შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკულია არც რუსული. ეს არის ქართული, რომელიც პრინციპების დონეზე ამერიკულ კანონს ეფუძნება, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება სწორედ იმით, რომ ეს კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან“, – განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა „ხალხის ძალამ“ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ალტერნატიული კანონპროექტის სახით ამერიკული კანონის ანალოგს აინიციირებს.

20 თებერვალს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ოცნება” „უცხოური გავლენის აგენტის” კანონპროექტს მხარს დაუჭერს.


საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას აპირებენ.

კანონპროექტს, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებისგან დაფუძნებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ, „ხალხის ძალამ“ მოამზადა, მმართველი პარტია არ ემიჯნება.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელთა დაფინანსების გარკვეული ნაწილი უცხოეთიდან არის მიღებული, აგენტებად გამოცხადდებიან. მათ „უცხოური გავლენის აგენტებად“ რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ.

ასევე, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება.

ასევე, სამინისტროს მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.

ვენეციის კომისიის განმარტებით, „უცხოური აგენტის“ ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად აფერხებს მათ აქტივობებს.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან უნგრეთის მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან და სამართალთან შეუსაბამოდ მიიჩნია.