დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბავშვების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ „შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.“
18 სექტემბერს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, 7 საჯარო ბაღში ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით 100-ზე მეტ ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
„… დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება. ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია. ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. …. აქვე აღსანიშნავია, რომ საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფომრაციით პირველადი ვერსიით ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვებიდან შესაბამისი ნიმუშები აიღო. ინფორმაციას ერთ-ერთი მიმწოდებელი კომპანიის დირექტორი ადასტურებს. ის გამორიცხავს, რომ ბავშვების მოწამვლა მის მიერ მიწოდებულ საკვებ პროდუქტს უკავშირდებოდეს.
„დალუქეს და ნამდვილად წაიღეს, იმიტომ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური იყო მოსული. ნამდვილად ჩატარდა ეს კვლევები და ხელი მომაწერინეს“, – განაცხადა „TV პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში შპს „ინ-ის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა ნანული სიფრაშვილმა.
ნანული სიფრაშვილის თქმით, მისი კომპანია ბაღებს ბურღულეულსა და ხილს აწვდის. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით კი, შპს „ინ-თან“ სხვა პროდუქტების, მათ შორის, ქათმის ხორცის, კარაქისა და რძის ფხვნილის მიწოდებაზეც ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინარეობს.
თბილისის ბაგა-ბაღებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიწოდებაზე ცალკე ტენდერები ცხადდება, რომლებსაც ცენტრალური შემსყიდველი ორგანო აცხადებს.
მაგალითად, არსებული მონაცემებით, ყველის მიწოდებაზე ხელშეკრულება შპს „რიო ყველთან“ არის გაფორმებული, ხოლო კვერცხს თბილისის ბაგა-ბაღებს შპს „თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა“ აწვდის.
ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერით ირკვევა, რომ ბაღებში რძის პროდუქტები, როგორებიცაა რძე, არაჟანი, ხაჭო და მაწონი ინდ.მეწარმე მანანა ღვინცაძეს შეაქვს.