სამინისტროში 21-ე საჯარო სკოლის მშობლებს დროებით სხვა საჯარო სკოლაში გადასვლა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზეს

პუბლიკა

გუშინ, 19 სექტემბერს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, 21-ე საჯარო სკოლის მშობლებსა და მასწავლებლებს სამინისტრომ დროებით სხვა საჯარო სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება და ტრანსპორტით უზრუნველყოფა შესთავაზა, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრაც.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამინისტრომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილით მიმართა, სადაც შემჭიდროებულ ვადებშია მოთხოვნილი სკოლის შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასება.

კერძოდ:

• რამდენად ქმნის სკოლის არსებული ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელებისათვის;

• რა სახის გადაუდებელი, დროებითი ან გრძელვადიანი ღონისძიებების განხორციელებაა აუცილებელი უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად.

უწყების ცნობითვე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაჩქარებულად დაიწყებს იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობისთვის საჭირო პროცედურებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალი კვირის ბოლოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც უფრო კონკრეტულ საკითხებსა და გადაწყვეტის შესაძლო გზებზე დამატებით იმსჯელებენ.

18 სექტემბრიდან 21-ე საჯარო სკოლაში სწავლა მოულოდნელად შეწყდა. სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ხუთშაბათს, 17 სექტემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ შენობა ავარიულია, სწავლა უნდა შეწყდეს და შენობა დაინგრეს, ხოლო ბავშვები სხვადასხვა სკოლასა და სხვადასხვა ცვლაში უნდა გადანაწილდნენ.

„პუბლიკამ“ მოიპოვა 21-ე საჯარო სკოლაზე ლევან სამხარაულის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბიურომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს გაუგზავნა 10 სექტემბერს.

დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ფონდმა სამხარაულს საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებაზე 2025 წლის 16 სექტემბერს მიმართა. სამუშაო ჯგუფი შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით სკოლაში 2025 წლის 10 დეკემბერს იმყოფებოდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამხარაულს სთხოვდა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეეფასებინათ 21-ე საჯარო სკოლის შენობების ტექნიკური მდგომარეობა მიმდინარე პერიოდისთვის, შენობების სეისმური მდგრადობა და რენტაბელურია თუ არა არსებული სკოლის შენობების რეაბილიტაცია.

დასკვნის მიხედვით, „საერთო ჯამში შესაძლებელია ითქვას, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ჩამოთვლილი დაზიანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

არსებული დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით II-III ხარისხის ფარგლებშია, რაც გამოწვეულია შენობის ტექნიკური მოუვლელობით და ფუძე-საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციით. აღნიშნული დაზიანებების ინტენსიურობიდან გამომდინარე შენობა მიეკუთვნება III კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, თუმცა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 22 აპრილის №161 დადგენილების მუხლი 2; პუნქტი 2-ის შესაბამისად შენობას ენიჭება ვარგისიანობის IV კატეგორია, მისი კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ შენობის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია და მიზანშეწონილია მოხდეს მისი დემონტაჟი, შესაბამისი სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე.“ – ვკითხულობთ დასკვნაში.

18 სექტემბერს სკოლასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მშობლები ამბობდნენ, რომ სკოლა არ განაახლებს მუშაობას არანაირი ფორმატით, სანამ მათ არ უზრუნევლყოფენ შენობით, სადაც გადავლენ და ცხრილიც და კონცეფციაც იგივე შეუნარჩუნდებათ.

როგორც მასწავლებელმა ნინო ქევხიშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, საპროტესტო აქციის პარალელურად გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მათ სხვა სკოლებში გადანაწილება ან ონლაინსწავლება შესთავაზეს.

„მაგრამ თქვენო, როგორც ჩანს, მარტო ერთ ვერსიას განვიხილავდითო და ჩვენ ვუთხარით, რომ დიახ, მარტო ერთ ვერსიას განვიხილავთ. ჩვენს სკოლას აქვს თავისებურებები: იგივე საგნობრივი სწავლება, იგივე გერმანული ენის დიპლომი – რომც გვინდოდეს, ვერ დავთანხმდებით იმას, რასაც გვთავაზობენ, ფიზიკურად არის შეუძლებელი სხვადასხვა სკოლაში გადანაწილება, ასევე ონლაინმიზნების მიღწევა“, – ამბობს მასწავლებელი.

ნინო ქევხიშვილისვე თქმით, მას უთხრეს, რომ სკოლის შენობას დაანგრევენ და 12-დან 24 თვემდე ვადებში ახალი, ევროპული სტანდარტების სკოლა აშენდება.

„მშობლებმა და ყველამ თქვა, ვიცით უამრავი მაგალითი, რომ არ შენდება სკოლები“, – თქვა მან.