ინსპექცია: „რუსთაველში“ უნებართვო სამუშაოების გამო კომპანია 4 ათასი ლარით დაჯარიმდება

პუბლიკა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, კინოთეატრ „რუსთაველში“ „უკანონოდ დაწყებული სამუშაოების გამო“ კომპანიას 4 ათასი ლარით დააჯარიმებს.

ინსპექციაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ მფლობელს სანებართვო დოკუმენტების წარდგენის ვადა დღეს ამოეწურა.

„ამ ხნის განმავლობაში მათ ნებართვა უნდა წარმოედგინათ, ვერ წარმოადგინეს და შესაბამისად დღეს მოხდება მათი დაჯარიმება 4 ათასი ლარით“, – აცხადებენ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში.

ფოტო: მერი შიხაშვილი

კინოთეატრ „რუსთაველში“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლია, მიმდინარე სამუშაოებზე საქმის წარმოება ინსპექციამ 4 დეკემბერს დაიწყო. „რუსთაველის“ პრესსამსახურში აცხადებდნენ, რომ შენობაში კვლევის ჩატარების მიზნით გარკვეული ადგილები წერტილოვნად გაიხსნა, კვლევა კი სამშენებლო ნებართვის მისაღებად იყო საჭირო;

„კინოთეატრ „რუსთაველში“ არავითარი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს, შესაბამისად ვერაფერი ვერ გაჩერდებოდა. რაც შეეხება ფოტოში ნაჩვენებ წერტილებს: რამდენიმე თვის წინ დასრულდა კვლევითი სამუშაოები, რომელიც ჩვენი კომპანიის მიერ იქნა წარდგენილი სამშენებლო ნებართვის ასაღებად. ამ კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა კონსტრუქციული, გეოლოგიური, აზომვითი და რესტავრაციული კვლევები. ამ კვლევების ფარგლებში წერტოლოვნად გაიხსნა ადგილები. მთელი ეს სამუშაოები ჩატარდა, სწორედ რომ სამშენებლო ნებართვის მისაღებად და არის მოთხოვნა საბჭოზე პროექტის გატანის. წარდგენილი პროექტი არის საჯარო, ისევე როგორც სამუშაოების ზუსტი წერტილები, ჩვენს მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში“, – აცხადებენ კინოთეატრ „რუსთაველის“ პრესსამსახურში.

რამდენად სამართლიანად მიიჩნევს კინოთეატრის მფლობელი ინსპექციის გადაწყვეტილებას და აპირებენ თუ არა გასაჩივრებას – ამ კითხვებით „პუბლიკამ“ „რუსთაველის“ პრესსამსახურს მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ მუხლის გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

„რუსთაველის“ მფლობელი სააქციო საზოგადოება „კინოთეატრი რუსთაველია“.

კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაზე მფლობელი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

ახალი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით განაცხადი არქიტექტურის სამსახურში 11 ნოემბერს შევიდა და განსახილველად უკვე კომისიაზეა გატანილი.

პროექტი ითვალისწინებს როგორც ვიზუალურ, ასევე ფუნქციურ ცვლილებებსაც.

რეაბილიტაციის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობის საერთო ფართი 6 674 კვადრატული მეტრია, აქედან კინოდარბაზებისთვის ჯამში 274.44 კვადრატული მეტრია გათვალისწინებული.

შენობის ფუნქციები ასეა გადანაწილებული:

-1 სართული  – კინოდარბაზი (104 ადამიანზე), მისი ვესტიბიული, სველი წერტილები, შენობის საინჟინრო და დამხმარე ფართები;

0 სართული – ცენტრალური კინოდარბაზი (ატრიუმში 165-170 ადამიანზე), ვესტიბიულში – კინომუზეუმი, კინობიბლიოთეკა კაფეს ფუნქციით და კინოდარბაზის წინ არსებული მცირე რესტორანი. ასევე სასტუმროს მიმღები და დამხმარე ფართები.

1; 2; 3; 4; 5 სართული – სასტუმროს 98 ნომერი და სასტუმროსთვის საჭირო დამხმარე ფართები, ერთი გამონაკლისით – მე-4 სართულზე დამატებული იქნება კინო-ბარი ლაუნჯი და ტერასა.

კომისიამ შენობის ესკიზი გასული წლის აგვისტოში მოიწონა.