„ისტორიული ძეგლი დამახინჯდება“ | „რუსთაველში“ 98-ნომრიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება

ბასტი მგალობლიშვილი

კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მფლობელი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

ახალი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით განაცხადი არქიტექტურის სამსახურში 11 ნოემბერს შევიდა და განხილვის პროცესშია.

პროექტი ითვალისწინებს როგორც ვიზუალურ, ასევე ფუნქციურ ცვლილებებსაც.

რეაბილიტაციის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობის საერთო ფართი 6 674 კვადრატული მეტრია, აქედან კინოდარბაზებისთვის ჯამში 274.44 კვადრატული მეტრია გათვალისწინებული.

შენობის ფუნქციები ასეა გადანაწილებული:

-1 სართული – კინოდარბაზი (104 ადამიანზე), მისი ვესტიბიული, სველი წერტილები, შენობის საინჟინრო და დამხმარე ფართები;

0 სართული – ცენტრალური კინოდარბაზი (ატრიუმში 165-170 ადამიანზე), ვესტიბიულში – კინომუზეუმი, კინობიბლიოთეკა კაფეს ფუნქციით და კინოდარბაზის წინ არსებული მცირე რესტორანი. ასევე სასტუმროს მიმღები და დამხმარე ფართები.

1; 2; 3; 4; 5 სართული – სასტუმროს 98 ნომერი და სასტუმროსთვის საჭირო დამხმარე ფართები, ერთი გამონაკლისით – მე-4 სართულზე დამატებული იქნება კინო-ბარი ლაუნჯი და ტერასა.

განმარტებით ბარათში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერ-სახის ცვლილება ამგვარად არის დასაბუთებული:

„ვფიქრობთ, ეს ეკლექტიკა, ძველისა და ახლის შერწყმა კიდევ უფრო მეტ ელფერს სძენს კინოთეატრ „რუსთაველის“ ისტორიულ შენობას, წინა პლანზე გადმოჰყავს ის ექსპრესია და დრამატურგია, რომლებიც კინოს ხელოვნებას ახასიათებს თავისთავად. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსთაველის გამზირზე არსებულ ისტორიულ შენობებს ახასიათებთ სხვადასხვა ტიპის ფორმის სახურავების თემატიკა და ახალი მოცულობაც ზუსტად ამის გამოძახილია თანამედროვე პერიფრაზირებითა და ისტორიული მასალების ახლებური გამოყენებით“, – ვკითხულობთ პროექტის კონცეფციაში, რომელსაც ხელს არქიტექტორი ირაკლი შარაშიძე აწერს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა შენობის ესკიზი გასული წლის აგვისტოში მოიწონა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მფლობელმა შენობის განვითარება „სასტუმროს მიმართულებით კინოს თემატიკით“ განიზრახა. 2018 წელს არქიტექტურის სამსახურში შეტანილმა ესკიზმა საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. შეიქმნა პეტიციაც, რომელსაც 2 000 მოქალაქე აწერდა ხელს. ხელმომწერები ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, მფლობელებთან „რუსთაველის“ მუნიციპალურ კინოთეატრად ჩამოყალიბების საკითხი განეხილათ. დარგის სპეციალისტები შეხვდნენ მფლობელსაც და მიიღეს პირობა, რომ „რუსთაველის“ ბედი გამჭვირვალედ და საჯარო განხილვის ფორმატში გადაწყდებოდა.

საბოლოოდ, 2018 წლის ესკიზი არქიტექტურის სამსახურმა დაიწუნა. ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ხელმძღვანელი ანანო ცინცაბაძე ამ გადაწყვეტილებას სწორედ საზოგადოების აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, ახალი პროექტის შემთხვევაშიც ერთ-ერთი მთავარი პრობლემა „ფასადის დამახინჯებაა“.

„ფასადი იცვლება არსებითად და მასზე ჩანს ისეთი ცვლილებები, რომელიც ამ ძეგლის ისტორიული იერ-სახისთვის მიუღებელია. მაგალითად, ცვლიან მთლიანად ფანჯრებსა და ვიტრაჟებს და როგორც პროექტიდან ჩანს, სვამენ მეტალოპლასტმასის, ამ ეპოქისთვისა და არქიტექტურისთვის სრულიად შეუთავსებელ ფანჯრებს. ასევე თვითონ პროექტიდან ჩანს, რომ იცვლება ბოძები და გარე ფასადზე ჩანს, რომ იგეგმება ისეთი ცვლილებები, რომლებიც ძალიან წააგავს ბეტონის ხსნარით დამუშავებას, რაც უმძიმესი ამბავი იქნება ამ ძეგლისთვის და მთლიანად შეცვლის მის იერ-სახეს და ასევე იმ ღირებულებას, რაც ამ ძეგლს აქვს“, – ამბობს ანანო ცინცაბაძე და დასძენს, რომ პროექტით გათვალისწინებული დაშენება სრულიად შეუსაბამოა რუსთაველის გამზირის ამ ნაწილისთვის.

ანანო ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ პროექტი მხოლოდ ბიზნესინტერესზეა მორგებული და საჯარო ინტერესი უგულვებელყოფილია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გარდა ისტორიული ღირებულებისა, კინოთეატრი „რუსთაველი“ მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეც არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კერძო ბიზნესია, ის ერთ დროს  ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეც იყო. მის ფოიეში გაიარა არაერთმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოვლენამ, ჩვენ გვახსოვს 26 მაისს თუ 7 ნოემბერს, ადამიანები აქ თავსაც კი აფარებდნენ. ასევე ახალგაზრდები ამ ფოიეთი მუდმივად სარგებლობდნენ. იქ გვიანობამდე იყო ადგილები, სადაც ადამიანს შეეძლო გამთბარიყო, თავი შეეფარებინა, ჩაი დაელია და ამდენად ადამიანების განწყობა ამ შენობის მიმართ არის არა მხოლოდ ის, რომ ძეგლია და მნიშვნელოვანია ამ კუთხით, არამედ ადამიანებისთვის ეს შენობა მნიშვნელოვანია სოციალური კუთხითაც. ახლა, აქ რომ სასტუმრო გაშენდება და 24-საათიანი კონტროლი დაწესდება – ვინ შედის და ვინ გამოდის, ეს სოციალური ფუნქციაც მოეშლება, გარდა იმისა, რომ ძეგლი აღარ გვექნება“, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ძველ თბილისში უსახურ განაშენიანებებს ხშირად თან ახლავს ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილის დასკვნაც.

„რუსთაველის“ გარდა, ისტორიის ინსტიტუტი რომ დაანგრია მ2-მა მელიქიშვილის ქუჩაზე, მისი დასკვნა იყო; ასევე ნიაღვრის ქუჩაზე, ჩიხში რომ 9-სართულიანი სახლი ააშენეს, უმცირეს ისტორიულ განაშენიანების პირობებში, აქაც მისი დასკვნა იყო და რა მოთვლის კიდევ რამდენი დასკვნა იყო ამ ქალბატონის. მე არ ვამბობ, რომ ის იღებს პირადად რაიმე გადაწყვეტილებას და ეს არის მისთვის კომფორტული პოზიცია. ის წარადგენს დასკვნას, მერე მერია აცხადებს, რომ პროფესიონალის დასკვნის საფუძველზე გასცა ეს ნებართვა, ხოლო ის პროფესიონალი აცხადებს, რომ მის დასკვნას მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათი აქვს და ასე ერთიდან მეორეზე პასუხისმგებლობის გადატანით ვიღებთ იმას, რომ ისტორიული ქალაქის გულში გვიმახინჯებენ ძეგლებს და ძალიან მნიშვნელოვან საჯარო სივრცეებს“, – ამბობს ცინცაბაძე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შენობის მფლობელი სააქციო საზოგადოება „კინოთეატრი რუსთაველია“, რომლის გენერალური დირექტორიც ოთარ ბაბუაშვილია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ბაზღაძე, თავმჯდომარის მოადგილე – ბაკურ ლაშქარავა, ასევე წევრები არიან: ბესიკ აბესაძე, ოთარ ბუბაშვილი, კონსტანტინე ლუსინიან-რიჟინაშვილი.

„რუსთაველის“ ისტორია და მნიშვნელობა

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი 2018 წელსაც აკრიტიკებდა არქიტექტურის სამსახურში შესულ ესკიზს. ის დღესაც ამავე აზრზე რჩება და მიიჩნევს, რომ შენობის იერ-სახესთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სრულად შენარჩუნდეს მისი ფუნქციაც, „პუბლიკა“ ხელოვნებათმცოდნეს შენობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა:

„კინო „რუსთაველი“ თბილისური პოსტკონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშია, აღნიშნული სტილი მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც საბჭოთა კავშირის არსებობის პირველ ეტაპზე გავრცელებული ავანგარდული სტილი, კონსტრუქტივიზმი, დაწუნებულ იქნა მისი „ენობრივი სიღარიბისა” და „ემოციური ინტენსივობის” გამო. 1932 წლიდან საბჭოთა კავშირი ირჩევს მისთვის მეტად „შესაფერის”, პომპეზურ, მასობრივ კლასიკურ არქიტექტურას. 1932-1940წწ. არქიტექტორები ცდილობენ,  კონსტრუქტივიზმის და კლასიკური არქიტექტურის სინთეზით შექმნან ახალი სტილი. ეს პროცესი აკრძალვების ფონზე მიმდინარეობდა და,  მალე დასრულდა კიდეც. თუმცა შემოგვრჩა მცირე, მაგრამ ძალიან საინტერესო ნამუშევრები: „იმელი”, ე.წ. ყოფ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კინოთეატრი რუსთაველი… რომლებიც ნიკოლოზ სევეროვის მიერ არის აშენებული, მასვე ეკუთვნის ჯანაშიას სახელობის მუზეუმი რუსთაველის გამზირზე. სკულპტურები ეკუთვნის… „რუსთაველი“ 1939 წლის 28 თებერვალს გაიხსნა მიხეილ ჭიაურელის ფილმით „დიადი განთიადი“.

თბილისი განებივრებული იყო კინოთეათეტრებით. სამწუხაროდ, ნაწილი ამ ობიექტებისა სრულად განადგურდა, უმეტესობას კი ფუნქცია შეეცვალა.  კინოთეატრი „რუსთაველი“ იმითაც არის მნიშვნელოვანი,  რომ პრაქტიკულად აქ კინოჩვენების  წყვეტა არ მომხდარა. ის  მნიშვნელოვანია როგორც ქართული კინოს ისტორიისთვის, ასევე – საბჭოთა არქიტექტურის თვალსაზრისით.

შენობას 1988 წლიდან აქვს ძეგლის სტატუსი და არასოდეს მას ეს სტატუსი არ მოხსნია, არასოდეს არ დამდგარა მისი ღირებულების მიმართ კითხვის ნიშანი. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ასეთი ტიპის ადაპტაციაზე, პირველი – კარგად უნდა გავიაზროთ ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ენიჭება არა მარტო ფასადს, არამედ – მთელ სტრუქტურას და ამასთანავე ფუნქციასაც. აბსოლუტურად დაუშვებელია ამ შენობიდან კინოთეატრის ფუნქციის გაქრობა. შესაძლებელია, ადაპტაცია მოხდეს და რაღაცა დაემატოს, მათ შორის ისე, როგორც ოდესღაც ერთი კინოდარბაზის მაგივრად აქ ხუთი კინოდარბაზი გაჩნდა, თუმცა ძირითადი და მთავარი ფუნქცია ისევ კინოთეატრი უნდა იყოს, და არა ისეთი ხანდახან რომ კინოს უჩვენებენ, არამედ მუდმივ მოქმედი, პროგრამული კინო.  აბსოლუტურად დაუშვებელია დაშენება, და ეს არ არის უბრალოდ ახირება – რუსთაველის კინოთეტრის ღირებულება მისი არსებული არქიტექტურული იერი და  ფუნქციაა, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი არის აგებული. შესაძლებელია, სხვა ობიექტებზე დაშენება შესაძლებელიც იყოს და ადაპტაციაც, თუმცა არა ამ შემთხვევაში.

იმედია, თბილისის მერია მოქალაქეებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მხარეს დადგება და არ მისცემს მფლობელს შენობის იმ მახასიათებლების განადგურების უფლებას, რომლებიც მის ღირებულებას განსაზღვრავს. მე ვისურვებდი და მივმართავდი თბილისის მერიას, რომ იქნებ მოიძიონ თანხა, გამოისყიდონ შენობა და აჩუქონ ქალაქს მუნიციპალური კინოთეატრი, რომელსაც საზოგადოება ამდენი ხანია, ითხოვს”.