ინსპექტორის სამსახურის ხელში არ იყო სათანადო ბერკეტები ეკონტროლებინა ფარული მოსმენების ჩატარება - თოლორაია

პუბლიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყოფილი ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ უკანონო მოსმენების შემოწმების ბერკეტი არ არსებობს.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის კუთხით კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე თოლორაიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ვალდებული იყო წინასწარ ეცნობებინა სუსი-სთვის რომ შემოწმებაზე აპირებდა შესვლას.

მისი თქმით, ის იმ პერიოდში არ ყოფილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, როცა გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, თუმცა კანონმდებლობა და პრაქტიკა ამ მიმართულებით შეცვლილი დღემდე არ არის.

მისივე თქმით, პარლამენტისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების შესახებ, რომელსაც შეიცავდა კანონმდებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის კუთხით, იყო საუბარი, თუმცა წინა ანგარიშების მსგავსაც ისიც „თაროზე შემოდეს.“

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელში სათანადო საკანონმდებლო და პრაქტიკული ბერკეტები ეკონტროლებინა ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ფარული მოსმენების ჩატარება არ იყო. იძულებული ხარ ყველა შემთხვევავში, როდესაც გადაწყვეტ ოპერატიულ-ტექნიკურ შემოწმებას, დაუკავშირდე და უთხრა, მე მოვდივარ. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ლონდა თოლორაია იქ აღარ არის, არის ზუსტად ის, რომ აი ეს კრიტიკული მოსაზრებები არსებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე არ წარგვედგინა. ნუ პარლამენტი იყო ტრიბუნა ხო, სადაც ჩვენ ამის შესახებ უნდა გვესაუბრა. მათი ქმედითი ბერკეტი იქნებოდა გაუფრთხილებლად შესვლის საკანონმდებლო და პრაქტიკული ბერკეტი, როცა მოუნდებოდა სახელმწიფო ინსპექტორს შეეღო კარი ამ დაწესებულებაში და შეემოწმებინა რა ხდებოდა”. – თქვა ლონდა თოლორაიამ.

15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა.

პოსტში გოგაშვილი სუსის მიერ უკანონო მოსმენების სისტემას აღწერს.

ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ „ქართული ოცნების“ დროს მოსმენების მასშტაბი გაიზარდა და უკანონო მოსმენაში, დაახლოებით, 2 000 ოპერატიული მუშაკია ჩართული. ისმინება GSM(გლობალური სისტემის მობილური კომუნიკაციების ქსელები), ასევე, ვირუსების საშუალებით, აპლიკაციები, კომპიუტერები. გოგაშვილი წერს, რომ შესაძლებელია, ოფისების აღჭურვაც.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით სოსო გოგაშვილის განცხადებას უპასუხა.

შს მინისტრი გოგაშვილის ყველა ბრალდებას უარყოფს. აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს არ იცნობს და მას მოქალაქეების მოსმენას ვერ დაავალებდა; რომ ძალოვანი უწყებები მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განჩინების საფუძველზე უსმენენ მოქალაქეებს.