ინსპექტორმა „მწვანე სკოლაში“ გამოვლენილი შესაძლო დარღვევების გამო სამინისტროს მიმართა

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ლუკა სირაძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ინსპექტორის განცხადების მიხედვით, „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის.

„შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები“);  ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება.“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, უწყება სკოლის მხრიდან ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევაზეც საუბრობს.

„კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა  კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით განათლების სამინისტროს მიმართა.

არასრუწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით, გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. ლუკა სირაძის ოჯახი და ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ 10-11 დეკემბერს განყოფილებაში ყოფნისას არასრულწლოვანზე მხოლოდ მარიამ ჩოლოიანი არ ძალადობდა და ბრალდებულთა წრე უნდა გაიზარდოს.

დღეს [7 თებრევალს] უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევა გამოვლინდა.

უწყებამ  ამ პოლიციელების შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გენინსპექციას მიმართა.