დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქმიანობას ასრულებს.
ინსპექტორის სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა, მხედველობაში არ მიიღო საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო შეფასებები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მათივე თქმით, სამწუხაროა ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც აკისრია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვის მოვალეობა, არ შეასრულა მისი ფუნქცია და არ თქვა მისი სიტყვა ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტის შესანარჩუნებლად.
რაც შეეხება მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეს, დღეს გამოქვეყნებულ დამატებით ანგარიშში ინსპექტორი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარე პროცესშია. გრძელდება მოწმეთა გამოკითხვა. მათივე თქმით, მიღებული არ არის თითქმის არც ერთი ექსპერტიზის დასკვნა (გარდა ერთისა), რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თითოეული გამოსაკვლევი საკითხის შესაფასებლად. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საგამოძიებო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, ისაუბროს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცებით ფორმაში.
„აბსოლუტურად სხვაგვარად იყო დაგეგმილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ბოლო რამდენიმე, მათ შორის, დღევანდელი დღეც, თუმცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, ცხადია ყველას და ყველაფრის დღის წესრიგი შეცვალა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრინციპი ყოველთვის იყო ღიაობა, გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება. გვსურს, სამსახურის საქმიანობა სწორედ ამ პრინციპის დაცვით შევაჯამოთ.
„გიზიარებთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელშიც დეტალურადაა მოცემული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნიდან დღემდე, სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების მიმართულებებით განხორციელებული ღონისძიებები, მიღწევები და თითოეული ფუნქციის შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს არ განუხილავს სამსახურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, როგორც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულმა ორგანომ, 2022 წლის 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს ამჯერად ზემოაღნიშნული (2021 წლის საქმიანობის) ანგარიში წარუდგინა. ვიმედოვნებთ, რომ ანგარიშებში მითითებული გამოწვევები გათვალისწინებული იქნება ახლად შექმნილი ორი სამსახურის გაძლიერების პროცესში.
ამასთან, როგორც საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულმა სახელმწიფო უწყებამ, გვსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარე საქმეების შესახებ.
დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაშია 673 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან 566 შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 101 სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა, ხოლო 6 – სხვა მოხელეთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს. მათზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას აწარმოებდა სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით…
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელებას 2022 წლის 1 მარტიდან გააგრძელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
ამასთან, ვინაიდან მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმართ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მასზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე;
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებას, დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარმოებაში აქვს მიღებული 14 მონაცემთა სუბიექტის განცხადება, რომელთაგან 9 შეეხება კერძო დაწესებულების, 4 – საჯარო დაწესებულების, ხოლო 1 – სამართალდამცავი ორგანოს მიერ პერსონალურ მონაცემთა შესაძლო არაკანონიერი დამუშავების ფაქტებს. ასევე, სამსახურში მიმდინარეობს ორი კერძო დაწესებულების შემოწმების პროცესი. აღნიშნული განცხადებების განხილვისა და შემოწმებების მასალები შესაბამისი დოკუმენტაციით, 2022 წლის 1 მარტიდან გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს”, – ნათქვამია განცხადებაში.