ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება - სააგენტო ნოვოროსიისკში საზღვაო გადაზიდვაზე

პუბლიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, სომხეთის ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვის დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.

„რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვის შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხური მედიის ინფორმაციით, მათი ტვირთის გადაზიდვა რუსეთში უკვე ბათუმიდანაც შესაძლებელია. აპრილში ბათუმსა და რუსულ პორტ ნოვოროსიისკს შორის ორმხრივი საზღვაო გადაზიდვა დაიწყო.

სომხური მედია წერს, რომ დარიალის ხეობის გავლით რუსეთში ტვირთის გადაზიდვა გარემო პირობების გამო ზოგჯერ ფერხდებოდა. სატვირთო ავტომობილები რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი იდგნენ რიგში. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ამოქმედდა ახალი, საზღვაო მარშრუტი.

სომხეთის ხელისუფლებამ ამ გადაზიდვების ოპერატორად კომპანია CE&M INTERNATIONAL შეარჩია. სომხურ გამოცემა Armenpress-თან კომპანიის დირექტორი დავით ილოიანი ამბობს, რომ ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის უკვე ორმა სატვირთო გემმა გაიარა.