იონათამიშვილი ნაცვლიშვილს: უნდა აღიაროთ, რომ პროცედურულად ეს ნაწილი წააგეთ

პუბლიკა

პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგში განსახილველი საკითხების სიაშია ინსპექტორის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვა.

სხდომაზე ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს ჩაშლის ფაქტი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ უმრავლესობამ განზრახ ჩაშალა ბიურო, რათა არ დარეგისტრირებულიყო ინსპექტორზე „ლელოს“ მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული კანონპროექტი. კომიტეტზე ანა ნაცვლიშვილს უპასუხა რატი იონათამიშვილმა, რომელიც ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.

„თავს ნუ მოვიტყუებთ, ვიცით ყველამ და კარგად ვხვდებით, რომ ალტერნატიული წინადადების დაყენება ეს იყო პროცედურული ხრიკი ოპოზიციის მხრიდან და რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად გაწელილიყო. ფაქტია, რომ ეს მიზანი უკვე არ გამოგივიდათ. თქვენ უნდა აღიაროთ, რომ პროცედურულად ეს ნაწილი ნამდვილად წააგეთ.“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„უსამარცხვინოესი განცხადება. რაც მეტს ილაპარაკებთ, უფრო კარგად დაინახავს საზოგადოება თქვენს სახეს“ – უპასუხა ანა ნაცვლიშვილმა რატი იონათამიშვილს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც წამყვანი კომიტეტის სხდომაზე განიხილება ძირითად კანონპროექტთან ერთად. რეგლამენტის მიხედვით, წამყვანი კომიტეტი ალტერნატიული კანონპროექტის ინიციატორის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას პირველი მოსმენისათვის შეჯერებული ვარიანტის წარდგენის თაობაზე.

თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, პირველი მოსმენისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება ძირითადი და ალტერნატიული კანონპროექტები. პარლამენტი დადგენილებით წყვეტს ერთ-ერთი მათგანის საფუძვლად მიღების ან უარყოფის საკითხს. განხილვის დროს მომხსენებლად გამოდის ჯერ ძირითადი კანონპროექტის მომხსენებელი, ხოლო შემდეგ – ალტერნატიული კანონპროექტის. თითოეულის მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. ამის შემდეგ კენჭი ეყრება შესაბამისი დადგენილების პროექტს.