ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ დაადასტურა ავთენტურობა იმ დოკუმენტისა, რომელიც სოციალურ ქსელებში გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 23 იანვარს იოსებ გორგაძის დაავადებების ჩამონათვალი ასეთი იყო:
- ტვინის შერყევა
- ტრავმული სუბდურალური ჰემატომა
- თვალისა და ორბიტის (თვალბუდის) სხვა ტრავმები
- თავის ქალას მოტეხილობა
- სახის ძვლების მოტეხილობა
- თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა
- თავის დაზიანება
- სისხლდენა ან ჰემატომა
- სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები
- კომა
- ღვიძლის უკმარისობა, დაუზუსტებული
- რკინის დეფიციტური ანემია, დაუზუსტებული
- ჰიპოკალიემია (დაბალი კალიუმის დონე)
- კარდიოგენული შოკი
- პნევმოთორაქსი, დაუზუსტებული
- ინფექცია, გამოწვეული Klebsiella pneumoniae-ით
- ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)
- ანოქსიური ტვინის დაზიანება (ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული)
- ტრაქეოსტომის სტატუსი (გატარებული ოპერაცია)
იმავე დოკუმენტის თანახმად, პატიმარი კლინიკაში შეყვანისას გონზე იყო.
მასში ვკითხულობთ:
პაციენტი გორგაძე იოსებ, 46 წლის, კლინიკაში მოყვანილია სსდბ-ს მიერ N8-პენიტენციური დაწესებულებიდან. ჩივილები: თავის ტკივილი, პერიოდულად დეზორიენტაცია, ძილიანობა.
აღენიშნება:
- სისხლიანი გამონადენი ცხვირიდან
- ნახეთქი სისხლმდენი ჭრილობა მარცხენა წარბის მიდამოში
- მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა მარცხენა თხემის არეში
- ექსკორიაცია
- კანქვეშა ჰემატომა
დოკუმენტში წერია, რომ პაციენტი იქნა ნანახი პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიერ საკანში იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში, კონტაქტში არ შემოდიოდა. დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
გადმოყვანისას გამოძახებულ იქნა 112-ის ბრიგადა. ტრანსპორტირებისას პაციენტს ჰქონდა ღებინების ერთჯერადი ეპიზოდი.
ხილული ტრავმული დაზიანების მიზეზს პაციენტი არ ასახელებს.
ადვოკატის თქმით, ეს დიაგნოზის მხოლოდ ერთი გვერდია, სხვა გვერდებზე კი დაზუსტებულია ინფორმაცია როგორც მისი მოტეხილობების, ისე ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესახებ.
იოსებ გორგაძე, რომელიც იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებით 23 იანვარს გადაიყვანეს, 4 მაისს გარდაიცვალა.
კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია 29 იანვარს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრები და ახლობლები გლდანის ციხესთან შეიკრიბნენ. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ პატიმარს ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ციხის ადმინისტრაციისგან ინფორმაციას მოითხოვდნენ.
მათივე განცხადებით, ოჯახისთვის გორგაძის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ არავის უცნობებია – თანამესაკნემ შეატყობინა ადვოკატს და შემდეგ ადვოკატი დაუკავშირდა მათ.
ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მაშინ თქვა, რომ გორგაძეს სახეზე 37 მოტეხილობა ჰქონდა. ადვოკატი ასევე ამბობდა, რომ იოსებ გორგაძე ნაწამებია, თუმცა არ იცოდნენ, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს.
პენიტენციურმა სამსახურმა იანვარში განაცხადა, რომ გლდანის ციხეში შესახლების დღიდან ბრალდებული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, 23 იანვარს იოსებ გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა არტერიული წნევა და გადაიყვანეს „ვივამედში“. პენიტენციური სამსახური არაფერს ამბობდა პატიმრის მოტეხილობების შესახებ.
დღეს, 5 მაისს, გავრცელებულ განცხადებაში კი მიუთითა, რომ „გამოძებამ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დაადასტურა”.
იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული. ადვოკატის თქმით, ავარია გაუფრთხილებლობამ გამოიწვია.