იოსელიანი: არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდა 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს გზა

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას „აკვიატებას“ უწოდებს და ამბობს, რომ „არ შეიძლება 10-მა, 20-მა და თუნდაც 100-მა კაცმა შეაფერხოს და გადაკეტოს“ გზა. მისივე თქმით, ეს „კარგს არაფერს იძლევა“. ამის შესახებ იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

სახალხო დამცველმა ასევე თქვა, რომ „პროტესტი უმეტეს შემთხვევაში კანონს სცდებოდა”.

„ზოგადად, გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე, ჩვენ ვადევნებდით თვალყურს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისათვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა გზა მაინც იკეტებოდა.

მანდ მთავარი არის, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული – დაცული იყოს ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, ვინც რუსთაველის გამზირზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდა 100-მა კაცმა შეაფერხოს, გადაკეტოს.

გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე. ეს არაფერ კარგს არ იძლევა.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც ამ ქვეყანაში რომ გამოვლენ ადამიანები სოციალური პრობლემებით, წამლებზე ფასების, ან შრომითი უფლებების, ან უკანონო მშენებლობების გამო და გააპროტესტებენ, მათზეც იმოქმედებს ეს კანონები. ესაა ყველაზე ცუდი და მე ეს მადარდებს ყველაზე მეტად.

რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანის დაკავება არაა კარგი და არ მივესალმები, მაგრამ უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს დაკავებებისა და ჯარიმების გარეშე.

ეს პროტესტი, ვიმეორებ, გარკვეულ შემთხვევებში არის კანონიერი და გარკვეულ შემთხვევებში სცდება კანონს და 330 დღის მანძილზე სცდებოდა კანონს. თქვენ მთხოვთ, რომ ეს გავამართლო? მე ამას არ გავაკეთებ.

ყველაზე მეტად იცით ვიზე ვბრაზდები? ვინც მოუწოდებს ქუჩის გადაკეტვისკენ და თვითონ არცერთი ჯარიმა არ მიუღიათ, არცერთხელ არ გადაუკეტიათ, არცერთი დღე ციხეში არ გაუტარებიათ და სხვისი ხელით ნარის გლეჯვას ძალიან კარგად ახერხებენ“, – თქვა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „პროტესტი არის დაცული, გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და ეს არის ის უფლება, რომელიც არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ არ არის საკმარისი ადამიანი, გზის გადასაკეტად“.


წინ კვირას „ოცნების“ პარლამენტმა პროტესტის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.  პაკეტს დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. ცვლილების მიხედვით, აქციაზე სახის დაფარვა, გზის გადაკეტვა, დროებითი კონსტრუქციის მოწყობა, ცრემლმდენი საშუალებების ფლობა, ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს.

60 დღემდე პატიმრობა წესდება თუ აქციის მონაწილეები იქონიებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ადვილად აალებად ნივთიერებას, ცივ იარაღს ან პიროტექნიკას; ისეთ საგანს ან ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება აქციის მონაწილეთა ან სხვა პირთა ჯანმრთელობის დასაზიანებლად; იმგვარ აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყდა;

ზემოთ აღწერილი ქმედებების განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიციის მოთხოვნის მესამედ დაუმორჩილებლობა.