იოსელიანი: ჩემთვის მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში ხდებოდა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ასევე არასწორია სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება.

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ჩვენ სამების საკათედრო ტაძარში ვიხილეთ და საერთოდ, ცოტა მეგულება ადამიანი, ვინც მოიწონებდა ამ საქციელს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არის რელიგიური ქვეყანა, ეს არის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, რელიგიური ქვეყანა. ამიტომ ასეთი ტიპის ქმედებები საშიშია, სენსიტიურია, ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას იწვევს და განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ყოველთვის, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე არასწორია სამართლებრივ სახელმწიფოში, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანების ლინჩის წესით გასამართლება. როგორი მიუღებელიც უნდა იყოს ვიღაცის ქმედება, არ შეიძლება მას სახლში მიუვარდე და გადაწყვიტო მასზე ძალადობა და მისი გასამართლება ასეთი მეთოდით. ამისთვის არსებობს სახელმწიფო და კანონის ფარგლებში უნდა მოხვდეს ამ ყველაფრის დარეგულირება. ამავე დროს, ჩემთვის ასევე მიუღებელია სტალინის ხილვა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

გასაგებია, ეს არ არის ხატი, მაგრამ რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, ის არ იმსახურებს იყოს იქ, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, ანგრევდა, ხვრეტდა, ანადგურებდა. ის აკეთებდა ამას არა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, ასევე სხვა რელიგიების წინააღმდეგაც. ამიტომაც ჩემთვის ესეც მიუღებელი და შეურაცხმყოფელია, რომ ასეთი პერსონაჟები იყონ წარმოდგენილი ეკლესიაში”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.


7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილი იყო ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის არქიმანდრიტ იოვანეს თქმით, ხატი უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და ის, ტაძარს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა.

ფაქტს პროტესტი მოჰყვა საზოგადოების გარკვეულ წრეებში. შეიქმნა პეტიციაც, სადაც წერდნენ, რომ დაუშვებელია სამების ტაძარში საბჭოთა დიქტატორის გამოსახულების გამოფენა. პეტიციაზე ხელმომწერები ტაძრიდან ხატის გატანას მოითხოვნენ.

9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანდა, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს, ლურჯი საღებავი შეასხეს.

მომხდარზე შსს-მ სამართალწარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. მმართველმა პარტიამ კი, რელიგიური ნივთებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება დააანონსა.

სამების ტაძარში მომხდარის გამო, აქტივისტს ნატა ფერაძის სახლთან „ალტ-ინფოს “ ძალადობრივი ჯგუფის წევრები მივიდნენ და ნატა ფერაძის დასჯა მოითხოვეს. აღნიშნულ ფაქტზე ნატა ფერაძემ შსს-ს მიმართა.

11 იანვარს საპატრიარქომ შემომწირველს ხატზე კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისკენ მოუწოდა.

საპატრიარქოს განცხადებით მიხედვით, ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში და ამიტომ, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკოსთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.