იოსელიანი: გვაქვს მომართვები ციხეებში არაფორმალური მმართველობის ცალკეულ შემთხვევებზე

პუბლიკა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, „ციხის ე.წ. ობშიაკი, ე.წ. მაყურებლები, აზარტული თამაშები, მსჯავრდებულებისგან ფულის გამოძალვის საკითხი ისევ პრობლემურ საკითხად რჩება.

„ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში იოსელიანმა თქვა, რომ ეს პრობლემები ზოგიერთ – დიდი ზომის დაწესებულებაშია.

„ინდივიდუალური შემთხვევები არის. მათ შორის, არაფორმალური მმართველობის ცალკეულ შემთხვევებზეც გვაქვს მომართვა. ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვრეაგირებთ, ვსწავლობთ. ეს ყველაფერი მაინც დაწესებულებების ზომასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო მცირეა დაწესებულება, ასეთი მომართვებიც ნაკლებია. არის დაწესებულებები, სადაც მსგავსი რამ საერთოდ არ ხდება. არის დაწესებულებები, სადაც ასეთი პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს და ყველაფერი, როგორც აღვნიშნე, დაწესებულების სიდიდემდე, ტიპამდე მიდის. ბუნებრივია, რეფორმამ სწორედ ეს უნდა მოაწესრიგოს. ახლახან გახსნილი, ლაითურის დაწესებულება ნაკლებ სივრცეს ტოვებს იმისთვის, რომ არაფორმალური მმართველობის შესაძლებლობა გაჩნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. – ამბობს ლევან იოსელიანი.

იოსელიანის წინამორბედმა, ნინო ლომჯარიამ არაერთხელ ილაპარაკა ციხეებში არაფორმალურ მმართველობასა და ე.წ „ქურდების და მაყურებლების ინსტიტუტზე”.

ლომჯარიამ განაცხადა ისიც, რომ ამ ინფორმაციის გახმაურების გამო ერთ-ერთი პატიმარი ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებს დაემუქრა და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა.

საპატიმროებში არსებული პრობლემების გახმაურების გამო ნინო ლომჯარია არაერთხელ გახდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დისკრედტიაციის და შეურაცხყოფის ობიექტი.