იოსელიანი მოადგილეზე: ის ჩემი ნათესავი არ არის, ალეკოს ნათესავია

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. მან მოადგილეებთან დაკავშირებით შეკითხვაზე განაცხადა, რომ მისი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე „დააბულინგეს“ იმის გამო, რომ ალეკო ელისაშვილის დისშვილია.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მან მოადგილეები ცოდნისა და კვალიფიკაციის მიხედვით შეარჩია და ნეპოტიზმს ადგილი არ ჰქონია.

„ნათია ჯულაყიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემთან, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, არის ერთ-ერთი ჩემი მოადგილე და ასე ვთქვათ, ის პრეტენზიები თუ უხერხულობა, რაც ამასთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

მე პოლიტიკოსი ვიყავი და შესაბამისად, ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პარტიაში ჩემთან მუშაობდა, ბუნებრივია, რაღაცით ამ პარტიასთან იქნებოდა დაკავშირებული. ნათიამაც დატოვა პარტია, ისევე როგორც მე და პოლიტიკასთან კავშირი არცერთს აღარ გვაქვს.

ეს დანიშვნა არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, რაც მთავარია. რაც შეეხება ნეპოტიზმს. ის ჩემი ნათესავი არ არის, ალეკოს ნათესავია.  მე მგონი, ალეკოსთან ნათესაობა რაღაც განაჩენი არ არის, თუ ადამიანი პროფესიონალია და ნათია ნამდვილად არის პროფესიონალი. ის კომპეტენტურია და მე ამ თანამდებობის დაკავება მხოლოდ ამ ნიშნით შევთავაზე. დარწმუნებული ვარ, ის თავს ძალიან კარგად გაართმევს. ამისთვის რაიმე კუდის მობმა ჩემთვის აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ, რომ მე არც ალეკოს და არც არავის ხათრით არავის დავნიშნავ. პირველ რიგში ვნიშნავ იმიტომ, რომ მჭირდება ადამიანი, რომელიც მე დამეხმარება ამ საპასუხისმგებლო საქმიანოაში“, – თქვა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც ნათია ჯულაყიძეს „აბულინგებდა“, თუ მასში ეჭვი ეპარებოდა, მალე დარწმუნდება, რომ ცდებოდა.

ომბუდსმენის მოადგილე ნათია ჯულაყიძის შესახებ გუშინ ისაუბრა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა და მანაც  გაიმეორა, რომ „მისი დისშვილობა განაჩენი არ უნდა იყოს“.