იოსელიანი რუსულ კანონზე: გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, ოღონდ სწორი გზებით უნდა მიიღწეს

პუბლიკა

„გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, ოღონდ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია, მოხდეს სწორი გზებით“, – აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსულ კანონზე საუბრისას „ტვ პირველზე“ დიანა ტრაპაიძის გადაცემა „პოლიტიკურ ამბებში“.

იოსელიანის განცხადებით, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა შესაძლებელია ქვეყანაში არსებული გრანტის კანონზე მუხლის დამატებით.

„ზუსტად შარშან ამ დროს ვსაუბრობდი პარლამენტში, როდესაც ვამბობდი, რომ ის, თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ არის ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამჭვირვალობის მისაღწევად შედგენილი პოლიტიკური დღის წესრიგი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებებთან და ქვეყნის შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, საკითხი უნდა გადაიხედოს.

ამასთან, იოსელიანი აღნიშნავს, რომ გასულ წელს რუსული კანონი „იარლიყების მიმკერებელი“ იყო, რაც ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

„სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ, ზოგადად პრინციპია, ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს არანაირი კანონი, არც თავისი სახელწოდებით, არც შინაარსით და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს, მაინც ხაზს ვუსვამ, ეს დამოკიდებულება მაშინაც მქონდა, ახლაც მაქვს და მომავალშიც მექნება, რომ გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამის განხორციელებაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზნები მიღწეული იქნას ასევე ისეთი ფორმით, რა ფორმაც მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.

ჟურნალისტმა სახალხო დამცველს შეახსენა, რომ გასულ წელს ომბუცმენად არჩევის შემთხვევაში, რუსულ კანონის მიღების შემთხვევაში მის  საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებდა და ჰკითხა მისი ამჟამინდელი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.

იოსელიანის განცხადებით, თუ აღნიშნული კანონი მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„თუ კანონი, რომელიც იქნება მიღებული, მე არ ვიცი საბოლოოდ რა ფორმით იქნება მიღებული, მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს ჩვენ გავაკეთოთ“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.