იოსელიანი სააკაშვილზე: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მედიასთან კლინიკა „ვივამედის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა.

ის ამბობს, რომ საპატიმროს საავადმყოფოში დაბრუნება შესაძლებელია საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ის აღნიშნავს რომ არ იცის ეს განცხადება რამდენად გულისხმობს იმას, რომ პენიტენციური სამსახური მას ციხეში დააბრუნებს.

„არ ვიცი განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რომელმაც შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა – თუ სად მოხდება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა,”- ამბობს ის.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ მონახულებასთან დაკავშირებით სრული თავისუფლება ექნება და კონსილიუმი სააკაშვილს უახლოეს პერიოდში მოინახულებს.  მონახულებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

გუშინ კლინიკა „ვივამედმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კლინიკა იძულებული ხდება, მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა.