მზია ამაღლობელის შიმშილობის 25-ე დღეს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის მოსანახულებლად ექიმთა კონსილიუმის შექმნის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, დაცვის მხარემ მათ წარუდგინა ექიმების სია და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, შეიქმნება კონსილიუმი, რომელიც ამაღლობელს ომბუდსმენის მანდატით მოინახულებს.
„ჩვენ კონსილიუმის შექმნა მხარემ მოგვთხოვა. ეს არ არის საია-ს მიერ დაორგანიზებული, საიამ, როგორც მხარემ, ქალბატონი მზიას წარმომადგენელმა გვთხოვა, კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები – გაიმართა შეხვედრა, ეს პროცედურა დაიწყო. ჩვენ მათ ვთხოვეთ, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ, ძალიან პატივსაცემი ექიმები არიან, მაგრამ ჩვენ ფორმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ აქვთ შესაბამისი ლიცენზია. ეს პროცესი სულ მალე დასრულდება.
მე განვაცხადე პრინციპულად, რომ ქალბატონი მზიას შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას მივიღებ, მხარეს შევთავაზე, რომ წარმოედგინათ კანდიდატები, კანდიდატები არის წარმოდგენილი და კონსილიუმის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება ჩემ მიერ მიღებული იქნება, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება. ამის შემდეგ როდის შევა ექიმთა ჯგუფი მოსანახულებლად, მთლიანად დამოკიდებულია მათზე. რა თქმა უნდა, ჩემი მანდატით შევლენ ისინი მის მოსანახულებლად. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვიქნებით”, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.
2 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართა, უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში უკანონო პატიმრის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
საია აცხადებს, რომ „2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად”.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტი, „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი უკვე 25-ე დღეა, საპატიმროში შიმშილობს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.