იოზვიაკი: ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ

პუბლიკა

„ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბერს განიხილავენ… საქართველოსთან მიმართებაში ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება რთულია, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კი, ყველაფერი გადაწყვეტილია”, – ამის შესახებ  „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

იოზვიაკის თქმით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების თარიღმა ოქტომბრიდან ნოემბერში გადაიწია. თარიღი ცვალებადია, გადაწყვეტილება კი საქართველოსთან დაკავშირებული – გაურკვეველი.

„ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბერს განიხილავენ. 31 ოქტომბრიდან ნოემბრისთვის გადაიტანეს. ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადია. გავიგე, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგარიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკომისია ევროკავშირს მიმართულებას მაინც მისცემს…

საქართველოსთან მიმართებაში ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან ყველაფერი გარკვეულია. თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია. ვნახოთ, რა მოხდება”, – თქვა მან. 

რიკარდ იოზვიაკის თქმით, გადაწყვეტილებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. მისი თქმით, თუ იმპიჩმენტი შედგებოდა ქვეყანას სტატუსის მიღების შანსები მოაკლდებოდა.

„ძალიან პოზიტიურია, რომ ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა. ამას ნეგატიური ეფექტი ექნებოდა გადაწყვეტილებაზე, მისი იმპიჩმენტი შანსებს მოაკლებდა [ქვეყანას]. რადგან პარლამენტმა ეს პროცესი, რაღაც გაგებით, გადაარჩინა, ვფიქრობ, შანსები ისევ არის საქართველოსთვის. ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველო ხელიდან არ უშვებს შანსს სტატუსი განზრახ არ მიიღოს. ახლა მეტი კითხვის ნიშანია, ნამდვილად უნდა თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. დაიმახსოვრეთ, სტატუსს მიიღებს ქვეყანა და არა პარტია ან მთავრობა. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო ანგარიშის გამოქვეყნებამდე 1 კვირით ადრე. ანგარიშში ცვლილებები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს. ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ღიად რჩება”, – უთხრა „ტვ პირველს” რიკარდ იოზვიაკმა. 

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროსაბჭო იღებს, რომლის სხდომაც დეკემბერში გაიმართება.