„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) საქართველოში „ოცნების“ რეპრესიულ კანონებს ეხმაურება — განცხადებას 23 ორგანიზაცია აწერს ხელს.
IPI წერს, რომ „ქართული ოცნება“ აძლიერებს ძალისხმევას ავტორიტარული მმართველობის გასამყარებლად, დამოუკიდებელი მედია უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის და ახლა გადარჩენის ზღვარზეა.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ექვემდებარებიან დაკავებებს, ფიზიკურ თავდასხმებს, თვითნებურ ჯარიმებს, ცენზურას, ასევე ფინანსურ და ინსტიტუციურ რეპრესიებს.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ უერთდება მედიის თავისუფლების საერთაშორისო, ჟურნალისტთა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით ევროკავშირს, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაზე“, რათა მათ შეწყვიტონ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობა და დაიცვან დემოკრატიული პრინციპები და მედიის თავისუფლება.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს სრულ სოლიდარობას ქართველი ჟურნალისტებისადმი, რომლებიც, მიუხედავად მზარდი ზეწოლისა, უარს ამბობენ გაჩუმებაზე“, — წერს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“.
განცხადებაში ნახსენებია „ოცნების“ მიერ რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის FARA, გრანტებისა და მაუწყებლობის კანონი.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ მედი და სამოქალაქო ორგანიზაციები ახლა სისხლისსამართლებრივი დევნის რისკის ქვეშ არიან, თუ სახელმწიფო იეჭვებს, რომ ისინი მოქმედებდნენ „უცხოური პრინციპალების“ სახელით და შეგნებულად არ რეგისტრირდებიან „აგენტებად“.
„გარდა ამისა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს მოეთხოვებათ „მთავრობის ან მთავრობის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირის/ორგანოების თანხმობა“ საქართველოს ფარგლებს გარეთ რაიმე გრანტის მიღებამდე. მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჟურნალისტებისთვის უფასო ტრენინგის მიწოდებაც კი კანონდარღვევად ჩაითვლება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში დამოუკიდებელ მედიას შესაძლოა მხოლოდ თვეები აქვს იქამდე, სანამ იძულებულნი გახდებიან რომ დაიხურონ.
ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ახალი ცვლილებების გამოყენებით, ხელისუფლებამ უკვე შეიტანა საჩივარი ტელეკომპანია „ფორმულასა“ და TV პირველის წინააღმდეგ.
„ეს საჩივრები ეწინააღმდეგება მაუწყებლების მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი“, „არალეგიტიმური მთავრობა“, „ოლიგარქიული რეჟიმი“ ან „რეჟიმის პატიმრები“.
ტელეკომპანია „ფორმულასა“ და TV პირველს ახლა ემუქრებათ შესაძლო სანქციები, დაწყებული საჯარო ან წერილობითი გაფრთხილებიდან და შინაარსის კორექტირებიდან, ჯარიმების დაწესებამდე ან საბოლოოდ ლიცენზიების მოხსნამდე. ეს წარმოადგენს პარტია „ქართული ოცნების“ მკაფიო მცდელობას, დააწესოს მკაცრი ცენზურა და გააჩუმოს დამოუკიდებელი მედია“ — წერს IPI.
ასევე, ორგანიზაცია ახსენებს იმ დაჯარიმებულ ჟურნალისტებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ.
„Mapping Media Freedom-ის მონაცემების მიხედვით, 28 ნოემბრის შემდეგ თბილისში პროევროპული აქციების გაშუქებისას „გზის გადაკეტვისთვის“ 28 ჟურნალისტი დაჯარიმდა 5000 ლარით. ზოგიერთი ჟურნალისტი დაჯარიმდა რამდენიმეჯერ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.
„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ასევე ეხმაურება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელსაც.
მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია ემსახურება „ქართულ ოცნებას“ როგორც მთავრობის ინტსტრუმენტი და ხელს უშლის იმ ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიტიკური კონტროლისგან თავისუფლად მუშაობას ცდილობენ.
განცხადებაში ნახსენებია, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვი-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი მას შემდეგ, რაც მათ მაუწყებელში პოლიტიკური ჩარევის შესახებ ისაუბრეს.
განცხადება ეხმაურება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობასაც.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მედიის თავისუფლებაზე თავდასხმა მიმდინარეობს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული თავისუფლებების სწრაფი და სისტემატური დემონტაჟის ფონზე.
IPI ხაზს უსვამს, რომ მდგრადი საერთაშორისო ზეწოლის გარეშე, როგორც „ქართული ოცნების“ წევრებზე, ისე მედიაზე თავდამსხმელი ინსტიტუტების ხელმძღვანელებზე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა საქართველოში ვერ გადარჩება.
„მედიის თავისუფლების, დემოკრატიული თავისუფლებებისა და ჟურნალისტების უფლებების დემონტაჟი საქართველოში, მზარდი ავტორიტარიზმისა და საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულების ცვლის ფონზე, უფრო ფართო გავლენას ახდენს რეგიონში დემოკრატიაზე.
ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინოს ეფექტური ზეწოლა საქართველოზე და მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ქვეყანაში. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“, — წერია განცხადებაში.