IPI საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მიმართ ზეწოლის ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

პუბლიკა

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზიების მიმართ მზარდი მარეგულირებელი და სამართლებრივი ზეწოლის გამო და აღნიშნავს, რომ ეს პრესის თავისუფლებაზე თავდასხმების კიდევ ერთი ესკალაციაა.

ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში, იმ მარეგულირებელი ორგანოების გამოყენებით, რომლებიც არ არის დამოუკიდებლები, მედიის მიმართ მტრული გარემო ძლიერდება. IPI საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიიღოს გადაუდებელი ზომები დარჩენილი მედიის თავისუფლების დასაცავად.

IPI მიმოიხილავს, რომ 25 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კრიტიკულ მაუწყებელ „ტვ პირველს“ 2,500 ლარის (დაახლოებით 830 ევრო) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. კომისიის განმარტებით, ტელევიზიამ დაარღვია სარედაქციო სტანდარტები და მაუწყებლობისას სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები.

ორგანიზაცია წერს, რომ დასჯის საფუძველს შორის იყო როგორც ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირების „სინდისის პატიმრებად“ მოხსენიება, ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის „ოლიგარქის“ წოდება.

მანამდე, 21 მაისს კომუნიკაციების იმავე ოდენობის ჯარიმა დააკისრა კიდევ ერთ კრიტიკულ ტელეარხ „ფორმულას“. რეგულატორის განმარტებით, დარღვევად ჩაითვალა მთავრობის ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ასევე „სინდისის პატიმრების“ ტერმინის გამოყენება და პრო-სამთავრობო არხების აღწერისას გამოყენებული ფორმულირებები.

ორივე შემთხვევაში ჯარიმები დაეფუძნა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54/5 მუხლს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები 2025 წელს „ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიღებული.

IPI-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება თვითრეგულირებიდან გადმოეღო და პირდაპირ აღესრულებინა სარედაქციო სტანდარტები, მათ შორის მიუკერძოებლობის, სიზუსტის, სამართლიანობისა და პირადი ცხოვრების დაცვის მიმართულებით. ასევე განისაზღვრა სანქციები: წლიური შემოსავლის 3%-მდე ჯარიმა ან მძიმე დარღვევის შემთხვევაში მაუწყებლის ლიცენზიის შეჩერება.

IPI-მ წარსულში მოითხოვა ამ ცვლილებების გაუქმება, აღნიშნავდა რა, რომ ისინი მარეგულირებელს მთავრობის „ცენზორის“ ფუნქციას ანიჭებდა და კრიტიკული მედიის გაჩუმების საფრთხეს ქმნიდა.

ორგანიზაციის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობა დიდი ხანია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2024 წლის ოქტომბერში Media Freedom Rapid Response​-ისა და ევროპის საბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმის მისიის ანგარიშშიც გამოთქმული იყო შეშფოთება კომისიის არასაკმარისი დამოუკიდებლობისა და სადამსჯელო მიდგომების შესახებ.

სისხლის სამართლის გამოძიება

IPI ასევე ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში გაჩენილ ახალ რისკზე — კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაზე.

17 ივნისს საქართველოს პროკურატურამ „ცრუ დასმენის“ ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, რაც შესაძლოა ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს. საქმე უკავშირდება იანვარში გასულ სიუჟეტს, რომელშიც კინორეჟისორთან დაკავშირებული სავარაუდო დარღვევები იყო აღწერილი.

Formula TV-ს წარმომადგენლების განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც დამოუკიდებელი მაუწყებლის სიუჟეტის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს, რომელიც სიუჟეტის ავტორია, სოციალურ ქსელებში მუქარებიც მიუვიდა და ის პროკურატურამ უკვე დაკითხა.

მიმდინარეობს ცალკე სამოქალაქო დავა ცილისწამების ბრალდებით.

IPI საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სისხლის სამართლის გამოძიება, გაითვალისწინოს სიუჟეტის საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელობა და დაიცვას ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობა.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული და არაპროპორციული სანქციების გამოყენება და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო დებატების დაცვა.

განცხადება წარმოადგენს „Media Freedom Rapid Response“-ის (MFRR) ნაწილის პოზიციას – ეს არის ევროპის მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში.