IPI მთივლიშვილის წინააღმდეგ პაპუაშვილის დისკრედიტაციის კამპანიას გმობს

პუბლიკა

„საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი” (IPI) გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ შალვა პაპუაშვილის მიერ განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ შეშფოთებას გამოხატავს და უერთდება MFRR-ის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ შესაბამის განცხადებას.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მთივლიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მისი ავტორი, შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტში მაღალ პოზიციას იკავებს.

„სამწუხაროდ, ჟურნალისტების წინააღმდეგ დეზინფორმაციული და დისკრედიტაციული კამპანიები საქართველოში მედიის თავისუფლებისთვის საყურადღებო საფრთხეა – ამას წინ უძღოდა მედია ადვოკატირების კოალიციის განცხადება, სადაც გამოხატულია შეშფოთება, რომ ეს „სისტემურ” სახეს იღებდა, რასაც შემდეგ ახლდა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი კომენტარები”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი” და პარტნიორი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში მედიის თავისუფლად ფუნქციონირება, პოლიტიკოსებისგან დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი კომენტარების გარეშე.

მათი განცხადებით, ეს განსაკუთრებით ეხება მაღალ თანამდებობებზე მყოფ პირებს, როგორიცაა პაპუაშვილი, რომელთაც აქვთ დამატებითი პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ ჟურნალისტებზე პირადი თავდასხმებისგან.

IPI-ის განცხადება არის „მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების” (MFRR) განცხადების ნაწილი – MFRR ევროპის მასშტაბით არსებული მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებსა და უკრაინაში თვალს ადევნებს და რეაგირებს მედიის თავისუფლების დარღვევას. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

20 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაესხა თავს „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, განაცხადა, რომ შოვის სტიქიაზე მისი სტატია „განზრახული ტყუილებითაა სავსე“.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალში მოხვდა, რის გამოც მნიშვნელოვანია, გაკეთდეს განმარტება, ვინ იყო საკონკურსო კომისიაში და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ევროკავშირი კონკურსზე.