„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას გმობს.
„IPI მკაცრად გმობს „ფორმულას“ ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაპატიმრებებს. ეს აშკარაა მოქმედებაა „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დარჩენილ რამდენიმე კრიტიკულ ხმას შორის ერთ-ერთია. მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“, – წერს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ X-ზე.
ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დააკავეს. სასამართლომ სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ციცქიშვილს – 5-დღიანი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. განმეორება სისხლის სამართლის დანაშაულია.