„4 ოქტომბრის საქმის” მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე საქმეზე სასამართლოს შეფასება განაცხადა:
„რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ განვიხილავდით სასამართლოში წარმოდგენილ საქმეს. გამოვკითხეთ არაერთი მოწმე, გარდა მოწმეებისა, ვიხილეთ, მოვისმინეთ ყველა მხარის ჩანაწერი, რაც იყო წარმოდგენილი მტკიცებულებების სახით.
საბოლოო სიტყვებში ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ნამდვილად მოვისმინეთ კარგი შეფასებები. თუმცა, რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში მოვისმინეთ სასამართლოს დადანაშაულება და სასამართლოსკენ ხელის გაშვერა. თითქოს სასამართლოს არ ჰქონდეს დამოუკიდებლობა, მტკიცებულებების შეფასების რაიმე გასაჭირი, დეფიციტი იყოს და წინასწარ მოლოდინი იმის, რომ თითქოს…[…]
…[ბრალდებულები აცხადებდნენ], რომ თითქოს ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, თითქოს ეს ყოველივე მოუწყვეს, თუმცა მტკიცებულებების გამოკვლევის დროს, მთელი ამ პროცესების მიმდინარეობისას მსგავსი არაფერი დადასტურებულა.
მტკიცებულებების გამოკვლევის დროს, მოგეხსენებათ ვიდეოჩანაწერებით დაიწყო ამ საქმის განხილვა… ყველა ადამიანს აქვს თავისი გემოვნება, რწმენა, შეხედულება, მიმართულება, ჰყავთ ისეთი ადამიანები, ვისიც სჯერათ. ვის ნათქვამსაც ითვალისწინებენ, ვის ნათქვამზეც გარკვეულ ქმედებებს ახორციელებენ ან თავს იკავებენ.
აქედან გამომდინარე, ვიდეოჩანაწერებში ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ, რომ სწორედ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე იყო, გაკეთდა გარკვეული განცხადებები. იქ განცხადებები არ გაკეთებულა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან. იქ განცხადებები გაკეთდა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მოგიწოდათ, რომ იქ შეკრებულებიყავით, და მოგიწოდეს რა – რომ პრეზიდენტის სასახლესთან, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტთან გადაგენაცვლებინათ და იქ უკვე მამაკაცური ძალის გამოყენებით და აი, ამ ქმედებებით, რაც უკვე ბრალდების მხარის ფორმულირებაშია აღწერილი, განგეხორციელებინათ ის ყოველივე, რაც ასევე ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ.
ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ რა? – უფროსი ადამიანები ბრძანდებით, საბოლოო სიტყვაში ბრძანებთ რას – ვისმენთ მათ ქართველობასთან დაკავშირებით [კომენტარებს]. არავინ არავის ასამართლებს პატიოსნება-უპატიოსნობაზე. ყველანი ბრძანდებით პატიოსანი ადამიანები, ჩვენ აქ პატიოსნებას არ განვიხილავთ. ჩვენ აქ განვიხილავთ გვაქვს თუ არა ის შემადგენლობა, რაც ბრალდების მხარის ფორმულირებაშია და დაადასტურა თუ არა ბრალდების მხარემ დანაშაულის ეს ობიექტური შემადგენლობის ნიშნები.
რა ვნახეთ ამ ვიდეოჩანაწერებში – ის მოქალაქეები აქ ქართველობაზე რომ უსვამთ ხაზს, არავის არც ქართველობა ეშლება, არც მტკიცებულებების შეფასება, არც დამოუკიდებლობა და ა.შ. სწორედ ის ქართველი ბიჭები, რომლებსაც ახსენებთ, მათ შორის პოლიციელები, ზოგი მათგანი თუ დაჭრილი, თუ ქვა თავში ჩარტყმული, თუ მუცელში ჩარტყმული;
და რა ვნახეთ ვიდეოჩანაწერებში? და ის იყო მშვიდობიანი აქცია? არ იყო მშვიდობიანი. მშვიდობიანი აქცია იყო თავისუფლების მოედანზე. თავისუფლების მოედანზე არცერთ თქვენგანი არ დაუკავებია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს.
მას შემდეგ, რაც იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეთ თუ შემდგომ შეუერთდით პრეზიდენტის სასახლესთან, სტრატეგიულ ობიექტთან, განხორციელდა ძალადობა.
ძალადობა განხორციელდა ნებისმიერი სახის და მიმართულებით – თუ ცეცხლის წაკიდებით, თუ ღობის ჩამონგრევით – ღობესთან დაკავშირებით კიდევ მოგვიანებით აღნიშნავს სასამართლო – თუ დაჭრით და არაერთი პოლიციის თანამშრომელი არის დაჭრილი…
იქ არაერთი პოლიციელი, სახელმწიფოს წარმომადგენელი დაზიანდა. იქ არ იყო მშვიდობიანი აქცია. იქ გადაინაცვლა ადამიანების ამ ჯგუფმა და მასში მონაწილეები ბრძანდებით თითოეული თქვენგანი, თავისუფლების მოედანზე მოისმინეთ გეგმა და ამის განსახორციელებლად გადაინაცვლეთ და განახორციელეთ კიდეც.
ღობესთან დაკავშირებით მოვისმინეთ არაერთი ვერსია და თეორია, ღობე საერთოდ რომ არ ჰქონოდა იმ სტრატეგიულ ობიექტს, არავის აქვს უფლება თუ იქ საშვით არ არის, თუ მიწვეული არ არის, თუ მიპატიჟებული არ არის, გადაკვეთოს…
რამდენიმე თქვენგანმა აღნიშნა, რომ გაზი და წიწაკის სპრეი იყო გამოყენებული ჩვენს მიმართო. ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ არამარტო ღობესთან, არამედ ღობის შიგნით და პირველივე ხაზზე იყავით, სადაც სტრატეგიული ობიექტის დაცვის თანამშრომლები თუ დამხმარე ძალა იგერიებდა ამ მოძალადე ჯგუფს.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ – ღობე საერთოდ რომ არ ყოფილიყო, თუმცა ღობე ჩამოინგრა, არაერთხელ მოხდა ღობეზე გადასვლა-გადმოსვლა და არაერთხელ მოხდა სტრატეგიულ ობიექტზე შეჭრა. ასე რომ, ღობე საერთოდ რომ არ ყოფილიყო, ღობე არ იყო თქვენთვის დამაბრკოლებელი გარემოება. ეს გამოჩნდა მაშინაც, როდესაც ღობე საერთოდ არ იყო იქ. როდესაც ჩამოაგდეს ეს ღობე. მეტიც, ღობე რომ არ ყოფილიყო, იქ შესვლის უფლება არავის აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მოქმედებდით და ითვალისწინებდით ჯერ კიდევ თავისუფლების მოედანზე გაჟღერებულ იმ მოწოდებებს და იმ გეგმის მიხედვით ეს ძალადობრივი ჯგუფი მოქმედებდა”, – განაცხადა მან.
მან ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და შემდეგი ზომის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა:
- ალექსანდრე ჩილაჩავას – 5 წელი;
- ზურაბ ჭავჭანიძეს – 5 წელი;
- გენადი კუპრეიშვილს – 5 წელი;
- ვლადიმერ გველესიანს – 5 წელი;
- ამირან დოლიშვილს – 5 წელი;
- რამაზ მამულაძეს – 5 წელი;
- სულხან ტუღუშს – 5 წელი;
- ანტონ ვარდანიძეს – 5 წელი.
„4 ოქტომბრის საქმის” აღნიშნულ ჯგუფში ჯამში 14 ბრალდებული იყო. დანარჩენ მათგანს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ – გიორგი ქორქიამ, გიორგი რურუამ, ხვიჩა გოგოხიამ, ლევან ჯიქიამ, ლაშა ივანაძემ და სერგო მეგრელიშვილმა საპროცესოს საფუძველზე საპატიმრო 10 ივნისს დატოვა.