იქნებ ამ სოცდაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები, ამათი კიტრი-კარტოფილისგან დავისვენოთ - ნათელაშვილი

პუბლიკა

„ამ სოციალურად დაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები, ამათი კიტრი, კარტოფილისგან დავისვენოთ. დაისვენონ, არ მოვიდნენ არჩევნებზე”, – ეს სიტყვები „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის” ეთერში წარმოთქვა.

მას მიაჩნია, რომ არჩევნებზე უნდა მოვიდეს ის ხალხი, „ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსისა და ხმის გაყიდვა”.

„საერთო ჯამში, ჩვენ ალბათ უნდა გავიდეთ ზღვარზე, რომ ობიექტურად შევხედოთ – ვინ არის ქვეყანაში ამომრჩეველი. კიტრს რომ აიღებს კაცი, იმის ამომრჩევლობა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ იყო, რომ მე-20 საუკუნეში ევროპაში, ბრიტანეთსა და ცივილიზებულ ქვეყნებში ქონებრივი ცენზი არსებობდა არჩევნების. ადამიანი თუ ეგდო ბომჟად ქუჩაში, ის ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას.

იქნებ ამ სოციალურად დაუცველებმა დაისვენონ ერთი არჩევნები, ამათი კიტრი-კარტოფილისგან დავისვენოთ. დაისვენონ, არ მოვიდნენ და მოვიდეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა საკუთარი ნამუსისა და ხმის გაყიდვა, მათ აირჩიონ მომავალი ხელისუფლება.

600 ათასი იყო და 200 ათასი ჩამოაკლეს, არჩევნებისთვის ისევ გაზრდიან ბენეფიციარების რაოდენობას, ყველა გავარდება და მისცემს ხმას. მერე რატომ ვაბრალებთ ივანიშვილებს და კიდევ ვიღაცებს ქვეყნის უბედურებას და ტრაგედიებს, როცა ჩვენ ვქმნით ამ ყველაფერს. სერიოზული რეფორმებია გასატარებელი…“, – განაცხადა ნათელაშვილმა.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ნათელაშვილის განცხადებას დისკრიმინაციული და კატეგორიულად მიუღებელი უწოდა. მისი თქმით, ასეთ განცხადებებს „არავითარ შემთხვევაში არცერთი პოლიტიკოსი არ უნდა კადრულობდეს”.

„უნდა ითქვას სიმართლე, ეს გულისტკივილით, სიყვარულით ნათქვამია, რათა აღმოიფხვრას შემდგომ ასეთი ქმედებები“ – ასე ეხმაურება „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ნათელაშვილის განცხადებას თანაპარტიელი გიორგი გუგავა.

„ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო. მე არ ვიცი, რამ წამოაცდენინა ბატონ შალვას ეს. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ, რადგან ეს არის უთანასწორო დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანები არ ჰყავდეს, ეს არის პირველი. და, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს კი არა, ყველას, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, სოციალური მდგომარეობის, აქვს ხმის მიცემის უფლება”, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია.

„ამ ფორმულირებით, აქცენტის დასმა, რომ ამ შემთხვევაში დამნაშავეა ამომრჩეველი, რომელიც ისედაც სიღატაკეში ცხოვრობს, მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვესაუბრებით ასე ამომრჩეველს, განცხადება ჩვენთვის არის მიუღებელი და არ ვემხრობით“, – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

„ის პოლიტიკა, რაც „ლეიბორისტული პარტიისთვის“ იყო დამახასიათებელი, ალბათ ბოლო დღეებს ითვლის, ფიგურალურად რომ ვთქვა. შესაბამისად, ეს გაბრაზება გასაგებია, ემოცია ასეთი პოლიტიკოსის, რომელსაც ასეთი ისტორია აქვს, დღეს გასაგებია. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ სიმართლის მარცვლებს მაინც ამბობს ბატონი შალვა“, – ამბობს „გირჩის“ დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი.


მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხზე ნათელაშვილმა facebook-სტატუსიც დაწერა: