ირაკლი ბერაია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.

ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

გუშინ, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.


გასული წლის ოქტომბერში დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ოპოზიციონერი დეპუტატები თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა ბერაია თანამდებობაზე მაინც დარჩა. ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა.

ბერაიამ თქვა, რომ თეონა აქუბარდიას პასუხის დროს „განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, ემოციურად გადააჭარბა”.

„როცა სამარცხვინოდ ხდება ჩვენი დადანაშაულება კრემლთან კავშირში, ამაზე ყოველთვის გვაქვს მწვავე რეაქცია, მეორე ნაწილში ვაღიარებ, რომ იყო ემოციურად გადაჭარბებული, განცხადების სიმძიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვისმენდით და ამის გამო გულწრფელად მინდა, ბოდიში მოვიხადო“. – თქვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.