„ოცნების" წევრებმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალებს პარლამენტში შეურაცხყოფა მიაყენეს

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს და დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენეს.

ღუდუშაურმა და ბერაიამ ოპონენტებთან დისკუსიისთვის სექსისტური ენა გამოიყენეს.

ალუდა ღუდუშაურის გამოსვლა მოჰყვა „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების ვიზიტის დაშვების შესახებ.

ალუდა ღუდუშაურმა თავდაპირველად ხვიჩიას მიმართა და მიხეილ სააკაშვილსა და ენმ-ის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა:

„დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ისეთი დიდი რიგი არის სააკაშვილის ბოტასებზე და სააკაშვილის ნახმარ ტანისამოსზე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ… უბრალოდ არ მინდა, ეხლა აი აქ საზოგადოებას მივაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ საცვლებთან დაკავშირებითაც კი ძალიან დიდი დეფიციტი არის იმ მავზოლეუმში. მაქსიმუმ თქვენ რასაც შეიძლება მიაღწიოთ, დარწმუნებული იყავით, რომ შეიძლება ერთხელ შეგატაროთ იმ მავზოლეუმში. აი წითლიძემ შეიძლება ერთხელ შეგატაროთ, პატივი დაგდოს და ამ მავზოლეუმში შეგატაროს, მაგრამ არამც და არამც, იმ ბოტასებს და ნახმარ ტანისამოსს ვერ ემთხვევით. აქ ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ. ეს გამორიცხულია ასე რომ მარტივად ხდებოდეს იქ.

დღე და ღამე შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს ანა წითლიძე და ერთი ბოტასი ძლივს ჩაიხუტა. რას ლაპარაკობთ ეხლა? თქვენ გგონიათ, რომ ესე მარტივად იქნება ეგ ამბავი? ან გიორგი ბარამიძე და სხვები დაგითმობენ მისი ნახმარ ტანისამოსს? როგორ გგონიათ ეგ?

სერიოზულად რომ გითხრათ, რაც შეეხება, ეს ტრაგიკომედიაა… მე მოვუწოდებ პარლამენტის თავჯდომარეს და ყველა დეპუტატს, აზრი დაატანეთ. აი თქვენ ბრძანებდით რომ გონი დაატანეთო. მე გეუბნებით, გონი დაატანეთ იმას, რომ კრიმინალ ადამიანზე საუბრობთ. ეს არის მსჯავრდებული და ამავდროულად ღირსებისგან, მორალისგან დაცლილი. შეიძლება იყო მსჯავრდებული ადამიანი, მათ შორის ძალიან მძიმე დანაშაულის გამო, მაგრამ იყო ღირსებისგან დაცლილი და იყო უფარჩაკესი…“- თქვა ღუდუშაურმა.

ალუდა ღუდუშაურს ამ განცხადებას ანა წითლიძის რეპლიკა მოჰყვა: „დებილი ხარ“, რასაც ღუდუშაურმა წითლიძის შეურაცხყოფით უპასუხა:

„შენ ხარ ბანძი. შენ ხარ ბანძი ადამიანი, ტყვილა ეხლა… ბანძი ხარ, ჩვეულებრივი ბანძიქალა ხარ. არ გეტყვი იმას… იმ ქალების, იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა და დაწყნარდი ეხლა. წადი ეხლა აქედან, რა წადი, შე ბანძო გაიარე, ეხლა რა, ფარჩაკი, ბანძი რა“, – მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.

მოგვიანებით, ანა წითლიძე ალუდა ღუდუშაურს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ამას ჰგონია შეურაცხყოფა მომაყენა ამ მიმართვით.პარლამენტის თავმჯდომარე რომელსაც ესმის ეს შეურაცხყოფები და მიკროფონს არ უთიშავს, არამედ აგრძელებინებს ლანძღვა გინებას – მერე ნუ გაუკვირდება ალუდას ერთ მშვენიერ დღეს წითელი საღებავი რომ შეესხას სახეში. სულ მანდატურები ვერ უშველიან“, – დაწერა წითლიძემ.


კიდევ ერთი ქალი დეპუტატი, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, თეონა აქუბარდიაა. დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ მას „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა.

სიტყვით გამოსვლაში ბერაიამ თქვა, რომ აქუბარდია ავრცელებს „ტყუილს და დეზინფორმაციას“, თითქოს ქართულმა დელეგაციამ NATO-ს ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა „საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას.

„ქალბატონი აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და არაერთი ჩემი შენიშვნა როდესაც ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, იყო გაქცეული ან შოპინგზე, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით: „პახმელიაზე ბალიშიდან ეზარებოდა თავის წამოწევა“ და მე არასდროს საკუთარი თავისთვის უფლება არ მიმიცია და არც ჩემს კოლეგებს იმის უფლება, რომ მისთვის ბრალი დაგვედო მტრის დავალების შესრულებაში“, – განაცხადა ბერაიამ.

ამის შემდეგ ბერაიამ განაგრძო საუბარი ოჩამჩირეში რუსულ სამხედრო პორტზე და თქვა, რომ აქუბარდიას „როგორც ჩანს, აქვს აღქმის და გააზრების პრობლემა“.

„ქალბატონი აქუბარდია არის არათუ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, არამედ თავადაა წყარო, ჩვეულებრივი მარია ზახაროვას ანალოგი, ეტყობა მისთვის დიდი პატივია, რომ ზახაროვას რომ ვადარებ, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროა, რომ მან კომიტეტში, რომელმაც ოთხჯერ მისცა მის თავმჯდომარის მოადგილეობას ხმა, აირჩია კონფრონტაციის გზა და ამ გზაზე ჩამოყალიბდა სერიულ მატყუარად და სამარცხვინო ადამიანად და სამარცხვინო პოლიტიკოსებად ყალიბდებიან უღირსი ადამიანები და ასეთი ადამიანები არ არიან ღირსი, ართუ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობის, არამედ საერთოდ ამ ადამიანებს კომიტეტთან მოახლოების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეთ.

რეალურად აქ არაა სახელმწიფო ინტერესებზე ან ოკუპაციაზე ფიქრი. რეალური მიზეზი, რის გამოც ქალბატონი აქუბარდია მოიხსენიებს ბოლო ერთი წელია ჩვენს კომიტეტს და მეც არც თუ ისე სახარბიელოდ, მიზეზია ის, რომ მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების შესაძლებლობა, მისნაირებთან და ვიღაცებთან სელფების გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის, გაშხლართვის საშუალება და ვინც მას იცნობს, ძალიან კარგად მიხვდება, მე რაზე ვსაუბრობ და შესაბამისად, მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა მან.

ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ გამოსვლას გამოეხმაურა თეონა აქუბარდია:

„იმას, რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა, ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუსს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“, – დაწერა აქუბარდიამ „ფეისბუქში“.