ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - შსს

პუბლიკა

ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც აქციაზე მისულ აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინიტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიებ სსკ 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით დაიწყო.


ინციდენტი, რა დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს ურნით ნაგავი თავზე დააყარეს, გუშინ მოხდა.

„ნაგვის ყუთში ჩაგდებას, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის თავზე დაყრა ვამჯობინეთ (წნევიანი კაცია მაინც). ყველა მოღალატეს იგივე ბედი ელის. ის ვინც ქართველ ხალხს უღალატებს და საკუთარი კეთილდღეობისთვის კომფორტს ამჯობინებს, საკადრის პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან“, – აცხადებდა „ალტერნატივა“.

ირაკლი ჩავლეიშვილი საარჩევნო ბლოკის ენმ – „ძალა ერთობაშიას“ სიაში „რესპუბლიკური პარტიიდან” მოხვდა. არჩეულმა დეპუტატმა დეკემბერში განაცხადა, რომ ტოვებდა „რესპუბლიკურ პარტიას“ და ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად შევიდოდა აჭარის უმაღლეს საბჭოში.