ირაკლი ჩავლეიშვილმა „რესპუბლიკელები“ დატოვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა

პუბლიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა დეპუტატმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკ „ენმ – ძალა ერთობაშიას“ სიაში პარტია „რესპუბლიკელებიდან“ იყო, საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო და „რესპუბლიკელები“ დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

„სამწუხაროდ, ჩემი და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია.

დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა. ყოველივე ზემოთ გამოთქმულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ შევაჩერო „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში” ჩემი წევრობა“, – წერს ჩავლეიშვილი.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, არც ერთი „რეპუბლიკელის“ მანდატი არ იქნება საკანონმდებლო ორგანოში, ირაკლი ჩავლეიშვილის გადაწყვეტილება კი ეწინააღმდეგება პარტიის გადაწყვეტილებას.

„მან დატოვა პარტია. ერთადერთ ადამიანია ახლა, ამ ეტაპზე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, ის არ წარმოადგენს „რესპუბლიკურ პარტიას“ უმაღლეს საბჭოში“, – განაცახდა სამნიძემ.

15 დეკემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომამ პროტესტის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი ბოიკოტის და მანდატებზე უარის თქმის დოკუმენტებს. მათ განაცხადეს, რომ 9 სუბიექტმა ერთხმად დააფიქსირა ერთიანი პოზიცია გაყალბებულ არჩევნებსა და საბჭოში შესავლაზე უარის შესახებ.