ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს პირისპირ შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, მათ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა განიხილეს.

პრესრელიზის თანახმად, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს.

მთავრობის პრესსამსახურისვე ცნობით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

პრესრელიზის მიხედვით, ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ხოლო წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია.

პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას.

ვიტორ ორბანი უნგრეთს 1998 წლიდან მართავს. ის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკოსია. ვიქტორ ორბანის გამო ბუდაპეშტიდან გავიდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – პრემიერმინისტრი დაწესებულებას იმიტომ ეწონააღმდეგებოდა, რომ ის ჯორჯ სოროსის დაფუძნებულია.

2022 წლის ნოემბერში ორბანი მხარს არ უჭერდა, ევროკავშირს უკრაინისთვის დახმარება გამოეყო. თუმცა, მოგვიანებით მას პოზიციის შეცვლა მოუწია.

მანამდე, 2022 წლის 3 აპრილს ვიქტორ ორბანმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო არჩევნები და მეოთხედვე გაინაღდა საკონსტიტუციო უმრავლესობა.