ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის კანცელარიის მიერ გავრცელებულ პრესსრელიზში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილია  მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტირება ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება.

„მათ შორისაა, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობის გაგრძელება იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან უნდა გამოქვეყნდეს“, – ნათქვამია რელიზში.


————————

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა 30 იანვარს გელათის ტაძრის რესტავრაციის მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ანგარიში მოამზადა. ანგარიშში ავტორები წერენ, რომ გელათის მოხატულობათა კონსერვაციის მეთოდოლოგია „შემაშფოთებელია” და ამბობენ, რომ ზოგიერთი მოხატულობის კონსერვაცია უკიდურესი მეთოდოლოგიური დარღვევებით ჩატარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტაძარში დაზიანებული ფრესკების კონსერვაცია-რესტავრაციამდე აუცილებელია შენობის სრული გამოშრობა და ტაძრის მოხატულობების კონსერვაცია პროფესიონალების მიერ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს.

ანგარიშში ცალ-ცალკეა მიმოხილული გადახურვისა და ფრესკების კონსერვაციის გარშემო არსებული პრობლემები.

ჩუბინაშვილის ცენტრს განცხადებით გამოეხმაურა სამინისტრო. კულტურის სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია.

ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „რეალურ სივრცეში“ ისაუბრა ანდრია ჯაღმაიძემ. ჯაღმაიძის თქმით, გელათის რეაბილიტაციის საკითხზე საპატრიარქოს კომუნიკაცია ჰქონდა პრემიერთან.

„ჩვენ იმედით ვუყურებთ ამას. დღეს რაც მოვისმინეთ, ძალიან საყურადღებოა ყველაფერი. იმედი გვაქვს იმისა, რომ ხელისუფლებაში… აი, პრემიერთან გვქონდა ძალიან ინტენსიური ურთიერთობა ამ პერიოდში, როცა ჩვენ საპატრიარქოს ჩართულობას ვახსენებდით. პრემიერიც სრულიად იზიარებს ამ მიდგომას, რომ მეცნიერულად იქნეს შესწავლილი და ამ ჩარჩოებში დარჩეს პროცესი. ეს იმედს გვაძლევს – ერთი მხრივ, საპატრიარქოს, მეორეს მხრივ, ეს ჯანსაღი დამოკიდებულება სახელმწიფოს ასეთი რანგისგან. და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დიალოგი შედგება, დარჩება სამეცნიერო ჩარჩოებში და ყველა რეკომენდაციების შესრულდება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.