ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ფინანსური დახმარება 3 თვით შეჩერდა, იმედია, კიდევ დიდი ხნით გაჩერდება 

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე მიესალმება აშშ-ის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საგარეო დაფინანსება და იმედოვნებს, რომ ეს შეჩერება კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

კობახიძემ „ქართული ოცნების” პროპაგანდის შესაბამისად თქვა, რომ, „აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათი წინამორბედები გრანტებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად”.

„არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები […]. როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, 90 დღით შეჩერდა.

ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვას როგორც საქართველოში, ასევე ევროპის, აზიის, აფრიკისა თუ ლათინური ამერიკის არაერთ ქვეყანაში USAID აკონტროლებს.

შესაბამისად, შეჩერდა ყველა პროგრამა, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება.

USAID აფინანსებს როგორც სხვადასხვა პროექტს და პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისე – აფინანსებს სახელმწიფოსაც. შესაბამისად, დოლანდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩერდება, მათ შორის: 

შუა დერეფნის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამა, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, სოფლის მეურნეობის ექსპორტის დივერსიფიკაციის პროგრამა, საბაზისო განათლების პროგრამა, სამოქალაქო განათლების პროგრამა, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა, ფინანსური ინოვაციების პროგრამა, ადგილობრივი მმართველობის პროგრამა, საქართველოს აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა, კანონის უზენაესობის პროგრამა. 

USAID-ის დაფინანსებით არის შექმნილი, მაგალითად, საქართველოს პარლამენტის ვებსაიტი. 

თუმცა, „ქართულმა ოცნებამ” აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტო მიზანში წლების წინ ამოიღო.

მათ შორის, დაადანაშაულა ისეთი „ტრენინგის დაფინანსებაში, სადაც საქართველოს გადატრიალება იგეგმებოდა” და ამაზე პროპაგანდისტული ნარატივებიც ააგო. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო და გამოკითხვაზე ტრენინგის მონაწილეები დაიბარა.

რეალურად, ტრენინგი, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ჩატარდა, იყო „„სასწავლო კურსი კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა და საინიციატივო ჯგუფების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს აცნობდა”.