ირაკლი კობახიძე შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძე შეხვდება ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და პოლიტიკის კვლევის ანალიტიკური ცენტრების (Think Tank) ხელმძღვანელებს.


ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის არაერთმა წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის გამო. მოლაპარაკებაში ჩართული იყო შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

31 მარტს გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „სერიოზული პრობლემებია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ასევე დაკავებებთან, გამოძიებასა და პროკურატურასთან დაკავშირებით – მიჩნეულია, რომ [ეს ორგანოები] პოლიტიკურად მოტივირებულნი არიან“.