„სერიოზული პრობლემებია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“ | აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რიგით 45-ე ანგარიში გამოაქვეყნა. 2020 წლის ანგარიში ადამიანის უფლებებს ეხება. იმ 198 ქვეყანას შორის, რომლებზეც ანგარიში მომზადდა, ერთ-ერთი საქართველოა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პანდემიის გამო შეზღუდული რაოდენობის დამკვირვებლები მიავლინა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, თუმცა „გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლისა და საზღვრის გაუფერულების შესახებ მმართველ პარტიასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის პროცესის ზოგიერთ ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა“.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურზე. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, დროდადრო იყო ნიშნები იმისა, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა ეფექტიანად არ გააკონტროლეს ძალოვანი უწყებები – „მტკიცების თანახმად, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გარკვეულ შემთხვევებში ძალა ბოროტად გამოიყენეს“.

ანგარიშში ასახულია სხვადასხვა სახის პრობლემური საკითხი:

„სერიოზული პრობლემებია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ასევე დაკავებებთან, გამოძიებასა და პროკურატურასთან  – მიჩნეულია, რომ [ეს ორგანოები] პოლიტიკურად მოტივირებულნი არიან; პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა; შეზღუდულია მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების პატივისცემა; ხოლო ისეთი დანაშაულების სამიზნე, როგორიცაა ძალადობა ან მუქარა – ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები ხდებიან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „დაუსჯელობა პრობლემად რჩება“ და ყურადღება გამახვილებულია 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციის დარბევისა და აფგან მუხთარლის გატაცების საქმეებზე:

„მთავრობამ ნაბიჯები გადადგა საჯარო მოხელეების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად დარჩა. მათ შორის, პასუხისმგებლობის დაყენების ნაკლებობაა  –  2019 წლის ივნისში ჟურნალისტებისა და საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენების საქმეზე; ასევე, 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და გადაცემის საქმეზე“, – წერია დოკუმენტში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე კი აღნიშნულია, რომ პრობლემად რჩება უკანონო დაკავება, მკვლელობები, გადაადგილების აკრძალვა, განსაკუთრებით, ეთნიკურად ქართველებისთვის; ხმის მიცემისა თუ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის აკრძალვა, ასევე ეთნიკურად ქართველებისთვის ქონებისა და ბიზნესის ფლობის აკრძალვა.

„იმის ფონზე, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ინფორმაცია მწირია, დე ფაქტო მთავრობა 2008 წლის კონფლიქტის დროს გამოდევნილ ეთნიკურად ქართველებს არ აძლევს უფლებას, დაუბრუნდნენ სახლებს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე არ შეუშვა საერთაშორისო ორგანიზაციები ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად. ადმინისტრაციული საზღვრების რუსული „ბორდერიზაცია“ გაიზარდა. დამატებით იკრძალება მცხოვრებლების გადაადგილება და გრძელდება მათი იზოლირება საკუთარი საზოგადოებისა და საარსებო სახსრებისგან“, – წერია დოკუმენტში.