„ჩამოვიდნენ ექსპერტები და ყველამ ერთად შევისწავლოთ კონკრეტული საქმეები“ - კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეისწავლოს თითოეული საქმე და ხარვეზი, რაზეც საუბარია ანგარიშში.

„რაც შეეხება ამ საქმეებს – ჩვენ მზად ვართ, ჩამოვიყვანოთ ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტი, რომელსაც შეუძლია, შეისწავლოს თითოეული ეს საქმე და დაადგინოს: მელია ხელმძღვანელობდა თუ არა პარლამენტში შემოსვლას, ერთი; ჯაფარიძე და ხაზარაძე ათეთრებდნენ თუ არა ფულს; შეისწავლონ და დაადგინონ. კიდევ ვინ იყო? სხვა საქმეებიცაა ხომ იქ? ხო, გვარამია, აკოტრებდა თუ არა ტელევიზიას, არც მახსოვს, რა საქმეა; პოლიციელების თემა… ყველაფერი შეისწავლონ, კლანიც შეისწავლონ. ჩამოვიდნენ და შეისწავლონ.

ყურადღებით გავეცნობით ყველა დასკვნას, მაგრამ მთავარი რა არის, ჩამოვიდნენ ექსპერტები და ყველამ ერთად შევისწავლოთ კონკრეტული საქმეები – რა ხდება სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, არის თუ არა კონკრეტული სისტემური პრობლემა სასამართლოში, არსებობს თუ არა პრობლემური ქეისები სასამართლოში და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში საუბარია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთლის, ნიკა გვარამიას, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა ამ საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და პატიმართა ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მთავრობას პოლიტპატიმრები ჰყავს.

ანგარიშში საუბარია პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეც. მათი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ხაზი გაუსვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამჭვირვალე, ობიექტურ და დროული გამოძიების მნიშვნელობას.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ციხეებში „მაყურებლებზე“, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს და ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩებოდა, მოსამართლეები დაუცველები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლისგან.