შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ დააზიანონ სცენის ინვენტარი და ტექნიკა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ დააზიანონ სცენის ინვენტარი და ტექნიკა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია განცხადებაში.


ამ წუთებში პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს, კი – ევროპას” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

მათ საქართველოს დროშებით სცენაზე ასვლა სურთ, თუმცა შსს-ს თანამშრომლები ამის უფლებას არ აძლევენ.

ხვალ, 29 აპრილს, „ქართული ოცნება” რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას გეგმავს.