მერიის განცხადებით, პარლამენტთან აქცია არასანქცირებულია, თუმცა, აქციებს ნებართვა არ სჭირდება

პუბლიკა

თბილისის მერიის განცხადებით, აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან, არასანქცირებულია.

მერია მოუწოდებს შეკრებილებს, „თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს, სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა”.

თუმცა, შეკრებას ნებართვა არ სჭირდება. ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

კერძოდ, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის 21-ე მუხლის თანახმად:

„ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება”.

ხვალ, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე მმართველი პარტიის კონტრაქციაა დაგეგმილი. ხელისუფლებას რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოყავს. მათ სურთ, აჩვენონ, რომ რუსულ კანონს მხარდამჭერები ყავს. მიმდინარეობს მზადება. პარლამენტის წინ უკვე ააწყვეს სცენა.

მერიის განცხადებით, ამის შესახებ „ქართულმა ოცნებამ” მათ 22 აპრილს მიმართა.

„შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება.

არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა”. – განაცხადა მერიამ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტის შენობამდე მარშით გაგრძელდა. დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო.