თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად კენტი და ლუწი ნომრების სისტემის ან კონკრეტულ უბნებში ფასიანი შესვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამისთვის საზოგადოებაც მზად უნდა იყოს. ამის შესახებ მან სამთავრობო პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში ისაუბრა.
კალაძე ამბობს, რომ თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა „ავტომობილზე დამოკიდებულება და რაოდენობაა“ და მისი თქმით, „ესტაკადის გაკეთება, არ არის გამოსავალი”.
„ავიღოთ კონკრეტული მაგალითი – გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადა. თავის დროზე, როცა გაკეთდა, გამტარუნარიანობა ჰქონდა, გავიდა დრო გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და დღეს წარმოადგენს უდიდეს პრობლემას. ერთ კონკრეტულ ადგილზე რომ გაკეთდეს ესტაკადა, გვეუბნებიან, რომ ეს არაფერს მოგვცემს.
შეიძლება კონკრეტული მონაკვეთი დღეს სწრაფად გაიაროს ავტომობილმა, სხვა მონაკვეთზე იგივე პრობლემა შეიქმნება და შეიძლება გაიჭედოს ჩვენი ქუჩებისა და გამზირებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, დღეს ჩვენ თუ გავაკეთებთ ესტაკადებს და შეიძლება კონკრეტულ მონაკვეთებში თავისუფლად იყოს გადაადგილება შესაძლებელი, ათი წლის მერე რას ვაკეთებთ? იგივე პრობლემის წინაშე დავდგებით, როდესაც გაიზრდება კიდევ უფრო ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად, ეს არ არის გამოსავალი.
ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ გზებს ვავიწროებთ, საავტობუსო “ზოლებს რომ აკეთებთ”… თითქოს ეს იყოს პრობლემა.
მარტივი მაგალითი მინდა, მოვიყვანო – აღმაშენებლის ხეივანი, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურული ჩარევა არ გაკეთებულა, არანაირი საავტობუსო ზოლი არ დახაზულა. რა ხდება აღმაშენებლის ხეივანზე – უბრალოდ, გარკვეულ მონაკვეთებში, კონკრეტულ დღეებში მთელი დღის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, თავისუფლად გავლა შეუძლებელია, იმდენად ბევრი ავტომობილი გადაადგილდება.
ამით რისი თქმა მინდა, რომ დღეს ქალაქში ყველაზე დიდი პრობლემა არის მანქანაზე დამოკიდებულება და ავტომობილების რაოდენობა. ის რომ, მერია არაფერს არ აკეთებს.. რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი, მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება ხომ? როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითავისოთ.
მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები. ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის.
ისე არ გამოვა, რომ მუნიციპალიტეტი არაფერს არ აკეთებს და პრობლემა არის. არა. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მაშინ ყველამ უნდა გავიჭირვოთ”, – თქვა კალაძემ.