ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ფორუმის მიმდინარეობისას ისაუბრეს გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გაუსვეს რეგიონისა და საქართველოს მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში.

როგორც პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პოლიტიკურ ლიდერებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, რომელიც იმართება ჩვენს მეზობელ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში… ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას, რომ გავესაუბროთ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებს და, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად ვიყენებთ,“- თქვა კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, რა დროსაც, საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, შუა დერეფნის პოტენციალზე და მისი განვითარების მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაზე.

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუსაც შეხვდა და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორებთან ღია დიალოგისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს ერთგულ და აქტიურ მონაწილე ქვეყნად” – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაცხადებულ სურვილს, 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს და გამოითქვა იმედი, რომ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციიდან ლევან ჟორჟოლიანი და საგარეო უწყებიდან მაკა ბოჭორიშვილი.

ანტალიის დიპლომატიის ფორუმი თურქეთის საგარეო უწყების ორგანიზებით და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პატრონაჟით მეხუთედ იმართება. ირაკლი კობახიძე მეორედ იღებს ამ ფორუმში მონაწილეობას. 2026 წლის ფორუმის მთავარი თემა მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვაა.

ფორუმი პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დიპლომატიის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.