ირაკლი კობახიძისა და სადირ ჟაპაროვის გაფართოებული შეხვედრა ყირგიზეთში დასრულდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.
„მოლაპარაკებების შედეგად ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. დარწმუნებული ვარ, დღეს მიღწეული შეთანხმება კიდევ უფრო განამტკიცებს ყირგიზულ-ქართულ ურთიერთობებს” -თქვა ბრიფინგზე სადირ ჟაპაროვმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ყირგიზეთის პარტნიორობაზე, სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და აღნიშნეს „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობაც. კობახიძის თქმით, ისინი დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის განხორცილებას, რომელიც რეგიონებს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა დამატებით ხელს შეუწყობდა ქვეყნებს შორის ტურისტული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ სადირ ჟაპაროვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტითაც მოიწვია.
„ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოსა და ყირგიზეთს შორის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება და მუდმივი დიალოგის შენარჩუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბატონი პრეზიდენტი მოვიწვიე ვიზიტით საქართველოში მისთვის მოსახერხებელ პერიოდში. დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მალე განხორციელდება” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სადირ ჟაპაროვის თქმით, საქართველო ყირგიზეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში კი არის ისტორიული მოვლენა.
„ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე…განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება” – განაცხადა ბრიფინგზე სადირ ჟაპაროვმა.
როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განხილვების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.
„ყირგიზეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მდგრად ეკონომიკურ ზრდას აქტიურად ახორციელებს რეფორმებს და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ბიზნესისა და ინვესტორებისთივს. ამ კონტექსტში ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პარტნიორებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ სატრანსპორტო ლოგისტიკურ, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ციფრული ეკონომიკის ტურიზმისა და სხვა პერსპექტიულ სექტორებში და შესაბამის პროექტებში” – განაცხადა სადირ ჟაპაროვმა.
სადირ ჟაპაროვის თქმით, ყაზახური მხარე დაინტერესებულია, რომ განათლების, მეცნიერების კულტურის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და სპორტის სფეროებში განხორციელდეს გაცვლითი პროგრამები. ბრიფინგის დროს, მან ასევე მოუწოდა ქართველ სპორტსმენებს, რომ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მომთაბარე ხალხთა მეექვსე მსოფლიო თამაშებში, რომლებიც ყირგიზეთის რესპუბლიკაში წელს გაიმართება.
ყირგიზეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ მაკა ბოჭორიშვილი, პაატა სალია, მარიამ ქვრივიშვილი და დავით სონღულაშვილი, ლევან ღირსიაშვილი – რომელთაც ყირგიზეთთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერს ხელი.