ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

პუბლიკა

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები გახნილი იყო 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

დღეს გამართულ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი  პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ“ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში წარიმართა დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობას ვუხდით.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები.

კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 000 ხმა.

ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას, ლევან ზალკანიანს ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურაბ მუხულიშვილს გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად, ხოლო იოსებ მათურელს თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ელექტრონული წესით. იმ წესით რომელიც დადგინდა ახალი საარჩევნო კოდექსით, სადაც ამომრჩეველი გადიოდა ელექტრონული წესით რეგისტრაციას. ასევე, ხმას აძლევდა ელექტრონული წესით, ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც გაიარა ახალმა სისტემამ, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით, “- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა  საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და კომისიის წევრებს.