ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ის facebook-ზე წერს. მისი თქმით, ამის გამო არ ჩანდა ის ბოლო დღეებია არც  აქციებზე და არც ტელევიზიებში.

„საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს.

სად აღარ „აღმინიშნავს” დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოებდა.

წელს, ვფიქრობდი, რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალი-მეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.

ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები, რომ არ ვიყო, აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა 8-ში მხოლოდ „იწყება” და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში.

უჩემოდ ბარიკადები არ იქნება…

მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის”, – წერს ოქრუაშვილი.


კორონავირუსი დაუდასტურდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს სალომე სამადაშვილსაც.

3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას.

კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს.

თვითიზოლაციაში იმყოფება განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მინისტრის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.