ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლისას შეძახილების ნაწილი მას ეკუთვნის

პუბლიკა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას კადრში სალომე ზურაბიშვილის მისამართით შეძახილები გაისმა. პრეზიდენტის კრიტიკას სამთავრობო ლოჟაში პროტესტი მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ ის იყო ერთ-ერთი პირი, რომელმაც უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატა, მაგრამ ქადაგიშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტს მოღალატე უწოდა.

„გავაპროტესტე იმიტომ, რომ მისი სიტყვა არ შეეფარებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არ შეეფერებოდა დღევანდელ ფიცის დადებას, არ შეეფერებოდა საქართველოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მმართველი გუნდის წევრების მხრიდან პრეზიდენტისადმი შეძახილებს ადასტურებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. მისი თქმით, მათ გუნდში პრეზიდენტის სიტყვის დროს პროტესტი ბევრმა გამოხატა და ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ შეფასებებს იზიარებს.

„ტექსტი არ მახსოვს, მართლა არ მახსოვს, რა თქმულა და რა – არა. მაგრამ ზუსტად გეუბნებით, რომ რაც გამოითქვა, არც ერთ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, ჩვენგან ბევრმა თქვა, სხვათაშორის, იგივე, ნამდვილად არავითარი პროტესტი ამ სიტყვების მიმართ არ გამჩენია, რადგან ყველაფერი იყო სამართლიანი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან ხელისუფლება მკაცრად გააკტირიკა.

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა რუსეთთან პირდაპირ ფრენასა და ლავროვის შვილის ჩამოსვლაზე ხელისუფლების რეაქციას, ასევე მმართველი გუნდის მხრიდან დასავლეთის კრიტიკასა და ბრალდებებს ეხებოდა.