ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკი” გაყიდა - „ბაზისბანკმა” აქციების 95.99%-ის შეძენა დაასრულა

პუბლიკა

„ბაზისბანკმა”დაასრულა „ლიბერთი ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და აქციების 95.99% – ის მფლობელი გახდა. ინფორმაციას თავად „ბაზისბანკი” ავრცელებს. 

„აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.

ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.“ – აცხადებს „ბაზისბანკის” გენერალური დირექტორი, დავით ცაავა. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას ბაზისბანკის ამჟამინდელინ გენერალური დირექტორი დავით ცაავა დაიკავებს. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი აქამდე ბექა გოგიჩაიშვილი იყო. 

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას” – ამბობს ბექა გოგიჩაიშვილი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი.

როგორც „ბაზისბანკი” განცხადებაში წერს, მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო „ლიბერთი ბანკის“ – „ლიბერთი ბანკში“.

„„ლიბერთი ბანკი” საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი.  ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია” – ნათქვამია „ბაზისბანკის” განცხადებაში.

სს ლიბერთი ბანკს აქამდე „ჰანიველ პარტნერსის” დამფუძნებლები ირაკლი რუხაძე (31.4%), ბენჯამენ მარსონი (31.4%) და იგორ ალექსეევი (31.4%) ფლობდნენ. 

ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის აქციების გაყიდვის შესახებ განცხადება პირველად 2025 წლის ივნისში გაავრცელა. მისი თქმით, მოპალარაკებები „ბაზისბანკთან” მიმდინარეობდა.

„ბაზისბანკი“ კი სიდიდით მეოთხეა. მას ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ ფლობს. 

„2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს.  მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარია“ – წერს „ბაზისბანკი“.

ცოტა ხნის წინ, რუხაძემ გაყიდა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედიც“. 2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა. მაქამდე რამდენიმე კვირით ადრე, 6 თებერვალს, ირაკლი რუხაძემ „იმედის” გაყიდვის შესახებ განაცხადა და სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გაყიდა.