ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი – პრემიერი

პუბლიკა

კანდიდატებიდან მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს და შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმა და პასუხისმგებლობის აღება, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას.

„არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ შოთაძის კანდიდატურა იყოს ერთ-ერთი, რომელიც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში განსახილველად და ვფიქრობ, უმრავლესობის მხრიდან მის კანდიდატურას ნამდვილად ექნება მხარდაჭერა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შოთაძის გენერალური პროკურორობის დროს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გამოიძიეს დროულად და ეფექტიანად.

საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს წავიდა. ეს გადაწყვეტილება შოთაძემ სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოსტი ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ დატოვა, რის  შემდეგაც ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.