ირანი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს მწარმოებელ კომპანიას არ გადასცემს - Reuters

პუბლიკა

ირანი ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს მწარმოებელ კომპანია „ბოინგს” არ გადასცემს, – ამის შესახებ თეირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

„ბოინგი” არის თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია, რომლის  შტაბ-ბინა განლაგებულია ჩიკაგოში.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩამოვარდნილი თვითნფრინავი „ბოინგ 737″ საუკეთესო თვითმფრინავი იყო ავიახაზების თვითმფრინავებიდან. მათი თქმით, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ თვითმფრინავს რამე პრობლემა ჰქონდა.

ირანში უკრაინის საელჩოს წინასწარი ინფორმაციით და მათი განცხადებით,  თვითმფრინავის ძრავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ავიაკატასტროფა ტერორიზმს არ უკავშირდებოდა.

დღეს, უკრაინული თვითმფრინავი, რომელიც თეირანიდან კიევში უნდა გაფრენილიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 176-ვე მგზავრი დაიღუპა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მგზავრებს შორის  82 ირანის მოქალაქე იყო, 63 ადამიანი კანადის,  ხოლო 11 კი უკრაინის.