საგარეო უწყებაში დაადასტურეს, რომ მაღალჩინოსანი, რომელზეც ირანის ელჩი საუბრობდა, მაკა ბოჭორიშვილის ერთ-ერთი მოადგილეა. თუმცა რომელია 4 მოადგილედან, არ დაუკონკრეტებიათ.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, გაკეთდა მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების ანალოგიური ჩანაწერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ” – გვითხრეს საგარეო უწყებაში.
„მეგობარი გაჭირვებაში იცნობა” – ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოჯანმა 6 მარტს, საღამოს, პლატფორმა X-ზე სამძიმრის წიგნიდან ჩანაწერის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მადლობას უხდის საელჩოში მისულ ქართველ მაღალჩინოსანს ირანის “მოწამეობრივად დაღუპული ლიდერისა და უდანაშაულო მოქალაქეების პატივსაცემად” გაკეთებული ჩანაწერისთვის.
„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს მთავრობისა და ხალხის წარმომადგენელო, მადლობელი ვარ, რომ დღეს მობრძანდით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში თბილისში, რათა სამძიმრის წიგნში ხელმოწერა დაგეტოვებინათ, ირანის მოწამებრივად დაღუპული ლიდერისა და უდანაშაულო მოქალაქეების პატივსაცემად. მეგობარი გაჭირვებაში იცნობა” – წერია ირანის ელჩის პოსტში.
სეიედ ალი მოჯანის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილის ფოტოში კი, რომელიც მისივე თქმით, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაწერა, ვკითხულობთ:
„ჩვენ ვუსამძიმრებთ ირანის ხალხსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს მრავალი ადამიანის, მათ შორის, უზენაესი ლიდერის აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქისა და ათობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს”.
ირანის ელჩს საქართველოში, გამოცემა „რადიო თავისუფლება” დაუკავშირდა და ჰკითხა, ვის გულისხმობდა მაღალჩინოსანში, ალი მოჯანმა მედიასთან არ დააკონკრეტა მისი ვინაობა, თუმცა თქვა, რომ იყო „მაღალი რანგის წარმომადგენელი”.
ირანის ელჩის პოსტს ქართველ მაღალჩინოსანზე დღეს ასევე გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში: „ვიღაცამ ახლახან თქვა: „მეგობარი გასაჭირში იცნობა.“ მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება – ის რთულ დროში გამოიცდება”.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის რეჟიმი ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ – ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47 წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენ ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველა – ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები – ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და მშვიდობაში.
ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქყვეყანაში – ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია, არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს.
ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას.
მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს – ვირჩევთ. 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს” – ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის ჩანაწერი, როგორც საგარეო უწყების ზემოთ აღნიშნულ კომენტარშია ნახსენები, „მთავრობის მიერ საჯაროდ გაჟღერებული განცხადების” ანალოგია.
2 მარტს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული მიმდინარე საომარ მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო უშუალოდ ირანთან მიმართებით ეწერა: „სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა”