„ირანმა და ისრაელმა შეთანხმება უნდა დადონ და დადებენ კიდეც“ - ტრამპი

პუბლიკა

„ირანმა და ისრაელმა შეთანხმება უნდა დადონ და დადებენ კიდეც“,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ზუსტად ისე, როგორც მე ვაიძულე ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმებაზე წასულიყვნენ. მაშინ, აშშ-სთან ვაჭრობის ბერკეტის გამოყენებით, მე მოლაპარაკებებში გონივრულობა, თანხმობა და საღი აზრი შევიტანე — ორ შესანიშნავ ლიდერს შორის, რომლებმაც სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება და შეწყვიტეს კონფლიქტი! ასევე, ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, სერბეთი და კოსოვო მზად იყვნენ მძიმე დაპირისპირებისთვის, როგორც ეს ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა, და კონფლიქტი ომში გადაზრდის საფრთხეს ქმნიდა. მე ეს შევაჩერე! (ბაიდენმა რამდენიმე უაზრო გადაწყვეტილებით ამ პროცესს ზიანი მიაყენა, მაგრამ მე ამას კვლავ გამოვასწორებ!)

კიდევ ერთი მაგალითია ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის დაპირისპირება გიგანტურ კაშხალზე, რომელმაც გავლენა მოახდინა დიდებულ ნილოსზე. ამჟამად მშვიდობაა — ყოველ შემთხვევაში, დროებით — და ეს ჩემი ჩარევის შედეგია. და ასე დარჩება! იგივე მოხდება ისრაელსა და ირანს შორის — მალე მშვიდობა იქნება! უკვე მიმდინარეობს მრავალი ზარი და შეხვედრა. მე ბევრს ვაკეთებ, მაგრამ არასდროსვიღებ აღიარებას, თუმცა ეს არაუშავს — ხალხს ეს ესმის. გავხადოთ ახლო აღმოსავლეთი დიდებული კვლავ!“,- წერს ტრამპი.

ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას ირანში სამხედრო ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანა.

ამ იერიშებმა, ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, იმსხვერპლა ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი, რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი და მეცნიერი.

ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, პარასკევს დილითვე ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა, რომლებიც  ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

შეტევის სამიზნეში მოხვდა, მათ შორის, ირანის მთავარი ურანის გამამდიდრებელი ობიექტი.

ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

CNN-ის ინფორმაციით, რომელიც ისრაელის სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ს ეყრდნობა,  ექვსი ადამიანი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა, სადაც დარტყმა საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.

კიდევ ოთხი ადამიანი კი ჩრდილოეთ ქალაქ ტამრაში დაიღუპა, სადაც ასევე შენობები დაზიანდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი არ ცდილობს ისრაელთან კონფლიქტის გაფართოებას ფართომასშტაბიან რეგიონულ ომად, „გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს  თავს მოახვიეს“.

მინისტრის თქმით, ირანი მზად იყო განეახლებინა ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები აშშ-სთან, თუმცა ისრაელის მიერ პარასკევს განხორციელებულმა იერიშებმა ეს პროცესი ჩაშალა და ცხადყო ისრაელის სრული წინააღმდეგობა ნებისმიერი სახის დიპლომატიისადმი.