ირანში მწვავე საპროტესტო აქციები გრძელდება

პუბლიკა

ირანში მწვავე საპროტესტო აქციები გრძელდება. გუშინ, 4 ოქტომბერს, თეირანის ერთ-ერთი სკოლაში გოგოებმა პროტესტის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს და შეუერთდნენ ანტისამთავრობო აქციებს. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ იხსნიან ისინი თავსაბურავებს, შეძახილით, „სიკვდილი აიათოლა ალი ხამენეის“, რომელიც ირანის სასულიერო, სამხედრო და სახელმწიფო ლიდერია.

 

ირანში საპროტესტო აქციების წინა ხაზზე არიან ქალები, რომლებიც პროტესტის ნიშნად წვავენ თავსაბურავებს და ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, მათი გადადგომის მოთხოვნით. „ქალები. ცხოვრება. თავისუფლება“ – სკანდირებენ დემონსტრანტები თეირანის ქუჩებში.

ირანის ხელისუფლება საპროტესტო აქციის მონაწილეებს არბევს, მათ წინააღმდეგ იყენებს ცეცხლსასროლ იარაღსაც. უცხოური მედია დარბევის შედეგად დაღუპულთა შესახებ სხვადასხვა რიცხვს ასახელებს. The guardian 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ გარდაცვლილია 50-ზე მეტი და დაკავებულია 1500 -ზე მეტი აქციის მონაწილე.

როგორც BBC Persian წერს, თეირანში მცხოვრები გოგოზე, ნიკა შაჰკარამზე, რომელიც წინა კვირას 17 წლის გახდებოდა. ის სექტემბერში გაუჩინარდა და 10 დღის შემდეგ მშობლებმა დაკავების ცენტრის მორგში იპოვეს.

4 ოქტომბერს ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა საზოგადოებას ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, მთავრობის ოფიციალური თვალთახედვაა, რომ საპროტესტო მოძრაობას წარმართავენ უცხოელი პროვოკატორები, აშშ-ის ლიდერობით, თუმცა აღიარა, რომ ირანელები გაბრაზებულები იყვნენ ისლამური რესპუბლიკის „ნაკლოვანებების“ გამო.

ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა. „მორალის პოლიციამ “ მას არასწორად გაკეთებული თავსაბურავის გამო სცემა, რის გამოც ამინი კომაში ჩავარდა, 16 სექტემბერს კი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებმა 22 წლის ქალს ხელკეტით სცემეს. პოლიცია ამას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მაჰსა ამინი „გულის უეცარი უკმარისობით“ გარდაიცვალა, თუმცა ამინის ოჯახის მტკიცებით, ქალი ამ შემთხვევამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.

მაჰსა ამინისა და ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერი აქციები ტარდება, მიმდინარეობს სხვადასხვა კამპანია ირანელი ქალების უფლებების დაცვის მხარდასაჭერად. კამპანიებში ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სხვა საჯარო პირები იღებენ მონაწილეობას.


1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ დააწესა, თუ როგორი უნდა იყოს ქალისთვის სავალდებულო ჩაცმულობა. წესი ავალდებულებს ყველა ქალს, ატაროს თავსაბურავი და თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც შენიღბავს და არ გამოკვეთს მათ ფიგურას. ქალების ჩაცმულობას აკონტროლებს „მორალის პოლიცია“. პოლიციას შეუძლია, ქალი გააჩეროს ქუჩაში, შეამოწმოს, რამდენად უჩანს თმა, რამდენად ვიწროა ტანსაცმელი. თუ პოლიცია გადაწყვეტს, რომ ქალმა დაარღვია წესები, მათ შეუძლიათ, ის დააჯარიმონ ან დააპატიმრონ.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile