„ირაყლის“ ბანერის გამო ადვოკატი შოთა თუთბერიძეც სამართალდამრღვევად ცნეს და დააჯარიმეს

პუბლიკა

2023 წლის 2 ივნისს პარლამენტთან აქციაზე ბანერზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული იურისტი, შოთა თუთბერიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა.

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ცნობით, მოსამართლე გოჩა ჩაგუნავამ თუთბერიძე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლში ცნო სამართალდამრღვევად.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გოჩა ჩაგუნავამ სამართალდამრღვევად ცნო TDI-ს იურისტი შოთა თუთბერიძე და 500 ლარით დააჯარიმა.

2 ივნისს პოლიციამ შოთა თუთბერიძე უკანონოდ დააკავა პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი ფორმით პლაკატით ხელში ყოფნის გამო. იგი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დღეს კი, მშვიდობიანი გამოხატვის გამო, რუსეთისთვის დამახასიათებელი მეთოდით დაკავებული შოთა თუთბერიძე, იგივე ავტორიტარული ლოგიკით ცნო სასამართლომ სამართალდამრღვევად (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი, წვრილმანი ხულიგნობა)“, – დაწერა TDI-იმ.

სასამართლომ 27 სექტემბერს იმავე მიზეზით დააჯარიმა სხვა უფლებადამცველები და აქტივისტებიც, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტთან შოთა თუთბერიძის დაკავების გამო, სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ.